"სამარცხვინოა, როცა დიპლომი გაქვს და არაფერი არ იცი" - ბიზნესს სპეციალისტების დეფიციტი აქვს

პროფესიონალი კადრების დეფიციტი არის საკითხი, რაზეც ბიზნესი უკვე თვეებია ძალიან აქტიურად საუბრობს და ერთ-ერთ გამოწვევად ასახელებს. 2024 წლის მესამე კვარტალშიც, BAG ინდექსის კვლევის თანახმად, ბიზნესი მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად სპეციალისტების ნაკლებობას ასახელებს. კერძოდ, გამოკითხული კომპანიების 54%-მა კვალიფიციური კადრების დეფიციტი მთავარ პრობლემად დააფიქსირა.

როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, სპეციალისტების და ზოგადად სამუშაო ძალის დეფიციტი შეიძლება გახდეს მთავარი წინაღობა არამარტო ადგილობრივი ბიზნესისთვის, არამედ იმ კომპანიებისთვის, ვინც ქვეყანაში შემოსვლას აპირებს.

„საშუალო და გრძელვადიანი გამოსავალი ეს არის განათლების სისტემა, თვითონ კომპანიების ჩართულობა და ინტეგრირება გადამზადების ცენტრებთან, იმისათვის რომ კვალიფიკაციებზე მოთხოვნა და მიწოდება იყოს ადეკვატური. სისტემა იყო ისეთი როცა ბიზნეს არ ეკითხებოდნენ - რა გჭირდება?!. ბოლო 2 წელია მეტნაკლებად აქტიურობა არის, მათ შორის თვითონ კომპანიები არიან აქტიურები, სასწავლო ცენტრებთან და ტრენინგ-ცენტრებთან კომუნიკაციის მხრივ. 2019 წელს კომპანიების 7-8% ინტერესდებოდა ამ საკითხით, ახლა კი 45%-მდე მიიჩნევს, რომ ბიზნესის ჩართულობის გარეშე კადრისთვის უნარების ამაღლება არ ხდება და ამბობს, რომ თანამშრომლობენ სასწავლო ცენტრებთან ან თავად აქვთ დასაქმებულთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ ცენტრები.

„ზოგადად, უწყვეტი განათლების თემა, რომ აუცილებელია უმაღლესი განათლების მიღება, მენტალურად საბჭოთა პერიოდიდან მოდის. უცხოეთში ქართველები ყველაზე ახალგაზრდები არიან, ვინც ბაკალავრიატზე ან მაგისტრატურაზე სწავლობენ. იქ ადგილობრივები 45 წლის ბაკალავრები არიან, ჩვენთან კი 25 წლისები უკვე მაგისტრატურაზე სწავლას ცდილობენ. ჩვენ სხვანაირი მენტალიტეტი გვაქვს. იქ სკოლას რომ ამთავრებენ, იღებენ პაუზას, რათა გაერკვნენ რა ინტერესი აქვთ. ჯერ მუშაობენ და მერე მიდიან გარკვეული მიმართულებით და თუ ინტერესი უჩნდებათ, ამ სფეროს მიმართ, მერე იწყებენ სწავლას და იციან, რატომ სწავლობენ.

ჩვენთან არის განცდა, რომ თუ დიპლომი გაქვს იცი ყველაფერი, დასავლეთში კი, როცა ამთავრებ უმაღლეს სასწავლებელს, გასწავლიან რომ არაფერი არ იცი, მაგრამ გაძლევენ/გივითარებენ უნარებს - როგორ უნდა ისწავლო. ესაა ყველაზე მთავარი და არა ის, რა გიწერია დიპლომში. ჩვენ გვაქვს ასეთი განცდა, რომ სამარცხვინოა, თუ დიპლომი არ გაქვს, მაგრამ მე მგონია, რომ სამარცხვინოა, როცა დიპლომი გაქვს და არაფერი არ იცი,“ - განაცხადა ვეფხვაძემ.

ეკა დარჩიაშვილი