ვინ რამდენით ეხმარება დაზარალებულებს: კომპანიებისა და მათი შემოწირულობების სია

თბილისში სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს კერძო სექტორის წარმომადგენლები მათივე სურვილით ფულად დახმარებას გაუწევენ.ბოლო მონაცემებით, სტიქიისგან მიყენებული მატერიალური ზარალი 100 მილიონზე მეტია. ამბები.გე რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელს ესაუბრა და დეტალები გაარკვია.

როგორც "ავერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლალი ბრეგვაძემ გვითხრა, კომპანიამ სტიქიით დაზარალებულთა დახმარება სტიქიიდან მეორე დღესვე გადაწყვიტა. "ავერსმა მათ დასახმარებლად ასი ათასი ლარი გადარიცხა. ამას გარდა, ყოველდღიურად გადის ძალიან დიდი თანხის მედიკამენტები ამ ოჯახებისთვის და ავერისს კლინიკის ექიმები მათ უფასოდ უტარებენ გამოკვლევას. ასევე, ჩვენ მოვიძიეთ ის მოხალისეები, ვინც გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობას იღებს და პირბადეები და თავის მოვლის საგნები უფასოდ გადავეცით, ამ საქმეში ყველანი ჩართულები ვართ", - ამბობს ლალი ბრეგვაძე.

სტიქიით დაზარალებულებს 20 ათასი ლარის სასაჩუქრე ვაუჩერებით დაეხმარება კომპანია "ნიკორა": "ბუნებრივია, თბილისში რამდენიმე დღის წინ მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ "ნიკორას" თანამშრომლებზეც ძალიან იმოქმედა და პირველი ინსტინქტი, რაც კვირა დღეს თითოეულ ჩვენგანში გაჩნდა იყო იმაზე ფიქრი თუ კონკრეტულად რითი შეიძლებოდა დავხმარებოდით და მხარში დავდგომოდით დაზარალებულ ოჯახებს", - ამბობს ნიკორას სუპერმარკეტების კომერციული დირექტორი ლიკა სუხიაშვილი.

მისი თქმით კომპანიის ყველა თანამშრომელი მზად იყო მცირედი წვლილი მაინც შეეტანა უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარების საკითხში. "ბევრი ფიქრი ნამდვილად არ დაგვჭირვებია... ჩავთვალეთ, რომ პირველი და ყველაზე აუცილებელი, რაც დაზარალებულებს დასჭირდებოდათ და რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, საკვები პროდუქტები იყო. გადაწყდა, რომ "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელი მოსახლეობას დახმარებას სწორედ ამ მიმართულებით გაუწევდა. ბუნებრივია, სწრაფადვე მოვიძიეთ ინფორმაცია ოჯახების რაოდენობისა და ადგილმდებარეობის შესახებ. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი სწორი ნაბიჯი, რაც ამის შემდეგ გადავდგით "იმედის კვირის" წარმომადგენლებთან დაკავშირება გახლდათ. აუცილებელი იყო დაზარალებულ ოჯახებს გასჩენოდათ განცდა, რომ მარტო არ იყვნენ - საზოგადოება, სახელმწიფო და რა თქმა უნდა კერძო სექტორი მათ გვერდზე იდგა. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლების სურვილი იყო, რომ მათი კუთვნილი ხელფასიდან დაზარალებულთა დახმარების ფონდში გარკვეული თანხა გადარიცხულიყო. მისასალმებელია ასეთი დამოკიდებულება - მოხარულები ვართ, რომ კომპანიის პარალელურად თვითონ თანამშრომლებიც შეიტანენ წვლილს სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში", - ამბობს "ნიკორას" სუპერმარკეტების კომერციული დირექტორი.

სტიქიით დაზარალებულბს დროულად აღმოუჩინა დახმარება თიბისი ბანკმაც. როგორც ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსსახურის უფროსმა გვითხრა, 14 ივნისის დილას, კვირა დღეს თიბისი-მ დაზარალებულთათვის პირველმა გახსნა ანგარიში და 50 000 ლარი დარიცხა. "|რადგანაც არ ვიცოდით თუ რამდენი იყო ზარალი ან რამდენი იქნებოდა დაზარალებული, პირველივე დღეს დავრციხეთ 50 000 ლარი და აქედან მოყოლებული ყოველდღიურად ხდებოდა თანხის დარიცხვა. დღეის მონაცემებით, ანგარიშზე უკვე მილიონ ლარამდეა თანხა.  რაც შეეხება მიზნობრიობას, ბანკებთან და ბიზნეს ასოციაციებთან ყოველდღე ვსაუბრობთ, რომ ზუსტად იყოს განსაზღვრული თუ როგორ გადანაწილდება თანხა. მერიასთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს და გვინდა ზუსტად განისაზღვროს დაზარალებულების რაოდენობა, საჭროება და შემდეგ მაქსიმუმ ორ დღეში გადავწყვიტავთ თუ როგორი ფორმით განაწილდება თანხა. რა თქმა უნდა, ეს თანხა მთლიანად დაზარალებულ ოჯახებს მოხმარდება, უბრალოდ დაზუსტებულ ციფრს ველოდებით, რომ მერე გადავწყვიტოთ რა ფორმით გადავცეთ თანხა", - ამბობს თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

გთავაზობთ იმ კომპანიებისა და ბიზნეს-ორგანიზაციების არასრულ ჩამონათვალს, რომლებიც დაზარალებულ მოსახლეობას თანხით დაეხმარება.

საქართველოს ბანკი 100 000 ლარი

თიბისი ბანკი 50 000 ლარი

პროკრედიტ ბანკი 30 000 ლარი

ბანკი რესპუბლიკა 30 000 ლარი

პე ეს პე 100 000 ლარი

ავერსი 100 000 ლარი

Silk Road Group 50 000 ლარი

ევროპა ბეთი 50 000 ლარი

ვი თი ბი ბანკი 207 575 ლარი

სოკარი 50 000 ლარი

იმედი L 25 000 ლარი

კორპორაცია ევექსი 25 000 ლარი

ბორჯომი 20 000 ლარი

ბილაინი 20 000 ლარი

ნიკორა 20 000 ლარი

რაკია ჯგუფი 20 000 ლარი

ბარამბო 15 000 ლარი

არქი ჯგუფი 10 000 ლარი

თეგეტა მოტორსი 10 000 ლარი

ვისოლ ჯგუფი 10 000 ლარი

SPAR-ჯორჯია 10 000 ლარი

ზედაზენი 10 000 ლარი

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი 10 000 ლარი

თაკო ესებუა

AMBEBI.GE