„ბევრი ქვეყანა გახდა ქართველებისთვის უვიზო“ - რომელი მიმართულებებია შემოდგომაზე ყველაზე მოთხოვნადი

„ჯერჯერობით, ტურისტული სეზონი არ დასრულებულა. ანტალია ჯერ კიდევ ძალაშია“,- ამის შესახებ „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელმა და „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა კელაურაძემ bpn.ge-სთან ისაუბრა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ შემოდგომა კლიმატის მხრივ საუკეთესო სეზონია, მოგზაურობა შედარებით იაფია.

როგორც მამუკა კელაურაძე ამბობს, ამ პერიოდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სხვადასხვა კუნძულზე დასვენებაა.

„ჯერჯერობით, ტურისტული სეზონი არ დასრულებულა. ანტალია ჯერ კიდევ ძალაშია. არ ვიცი, გლობალური დათბობის გამოა თუ რატომ, ნოემბერშიც კი მშვენიერია დასვენება და შეიძლება იქ წასვლა. ზღვაშიც ჩადის ხალხი და ფასები ბევრად უფრო დაბალია.

გარდა ამისა, ევროპის მიმართულება, როგორც ყოველთვის, ამ სეზონზეც პოპულარულია. ინდოეთის ოკეანე, აზია, ესეც მოთხოვნადია. ასევე, შემოდგომაზე იწყება ხოლმე მალდივების, ტაილანდის სეზონი.

ამას ემატება ისიც, რომ ბევრი ქვეყანა გახდა ქართველებისთვის უვიზო, იგივე, პერუ, ბრაზილია, არგენტინა, კარიბის ზღვის რამდენიმე კუნძული.

ასე რომ, არჩევანი უზარმაზარია, მითუმეტეს, რომ ქართული პასპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. როგორც იცით, არის შესაბამისი რეიტინგი და ქართული პასპორტი ერთ-ერთი უძლიერესია.

მთავარია, იყოს მშვიდობა, ხალხს ფული ჰქონდეს და მოგზაურობა ყველა სეზონზეა შესაძლებელი“,- ამბობს მამუკა კელაურაძე.

ნინი ქეთელაური