„ევროპაში იმდენი ჩინური თაფლია და ისე იაფად, რომ მას კონკურენცია მხოლოდ ხარისხით შეგვიძლია გავუწიოთ“

„ევროპაში ისეთი რაოდენობით არის ჩინური თაფლი და ისეთი იაფია, რომ ჩვენ მას ფასით ვერ გავუწევთ კონკურენციას. მას კონკურენცია მხოლოდ ხარისხით შეგვიძლია გავუწიოთ“, - ამის შესახებ მეფუტრეთა ასოციაციის დირექტორმა ალეკო პაპავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, წელს საქართველოში კლიმატური პირობებიდან გამომდინარე აკაციის თაფლი ძალიან ცოტა იყო, რის გამოც ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი ვერ განხორციელდა. სამაგიეროდ, კარგი იყო მუქი თაფლის მოსავალი და შესაბამისად, ექსპორტი აზიის ქვეყნებში გადავიდა.

„ევროკავშირი დაინტერესებულია აკაციის თაფლით. ჩვენთან კი წელს კლიმატური პირობების გამო აკაცია უბრალოდ არ მოვიდა. სამაგიეროდ, გაუმართლა მუქ თაფლს, წაბლს. შესაბამისად, ექსპორტი გადავიდა აზიის ქვეყნებში.

აზია აკაციით ნაკლებად არის დაინტერესებული. განსხვავებით ევროპისგან, სადაც უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ კალორიების რაოდენობას და ალერგიულობას. აკაციის თაფლი შედარებით ნაკლებკალორიულია და ალერგიაც ნაკლებად ახასიათებს.

თუმცა, ცოტა ხნის წინ, ჩვენ ვიყავით ლონდონში გამოფენაზე, სადაც ქართული თაფლი იყო წარდგენილი. იქ ესპანელები დაინტერესდნენ ქართული წაბლის თაფლით, რაც გვიჩენს იმედს, რომ მომავალში შესაძლებელია მუქი თაფლიც გახდეს მიმზიდველი“, - აღნიშნა ალეკო პაპავამ.

მისი თქმით, კარგი ამინდების გამო, აკაციის თაფლი საკმარისი რაოდენობით არის ევროკავშირის ქვეყნებში და ქართულთან შედარებით იაფია, რაც ასევე დაბრკოლებაა ექსპორტისთვის.

ამავდროულად, ევროპის ქვეყნბში დიდირაოდნობით არის ჩინური თაფლი, რომელიც ძალიან იაფია, ამიტომ ქართული თაფლი მას კონკურნციას მხოლოდ ხარისხით თუ გაუწევს.

„ევროკავშირს აკაციის თაფლით ამარაგებს ძირითადად უნგრეთი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. მათთან წელს კარგი ამინდები იყო და რაოდენობაც კარგად ჰქონდათ. ფასიც იქაური თაფლის შედარებით დაბალია. ჩვენთან უფრო ძვირი ღირს თაფლი.ასევე ევროპაში ისეთი რაოდენობით არის ჩინური თაფლი და ისეთი იაფია, რომ ჩვენ მას ფასით ვერ გავუწევთ კონკურენციას. დიდ ბრიტანეთში ქსელურ მაღაზიებში 1კგ ჩინური თაფლი 3 ფუნტი ღირს, რაც დაახლოებით 10.5 ლარია და საქართველოში ამ ფასად 1 კგ თაფლს ვერ იყიდი და არც არავინ გაყიდის. ამიტომ ქართული თაფლი ევროპის ქვეყნებში უნდა შევიდეს ბრენდირებული და მაღალი ფასის სეგმენტში. მან კონკურენცია ჩინურ თაფლს ხარისხით უნდა გაუწიოს.რა თქმა უნდა, ჩვენთვის ევროკავშირის ბაზარი ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე აზიის ქვეყნები, რადგან დიდი ბაზარია და მოთხოვნა სულ არის, მთავარია ჩვენ გვქონდეს ექსპორტისთვის საჭირო მოცულობა. ევროპის მიმართულებით “, - აღნიშნა ალეკო პაპავამ.

ნათია ზარიძე