„ფასები სტომატოლოგიაში, რა თქმა უნდა გაიზრდება“ - ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელი ირინა ბერკაცაშვილი სფეროში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ბევრ პრობლემას გამოიწვევს.
„2025 წლის 1-ლი იანვრიდან თითოეული სტომატოლოგი ვალდებული იქნება დააგროვოს 20 უსგ (უწყვეტი სამედიცინო განათლების) დამადასტურებელი ქულა. ამისათვის მან სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებულ ტრენინგებზე საკუთარი ხარჯით უნდა იაროს, თუმცა აქვე მინდა განვმარტო, რომ არცერთი სტომატოლოგი არ არის პროფესიული განვითარების წინააღმდეგი, მაგრამ თითოეულ მათგანს თავის გადარჩენა უწევს კვალიფიკაციის ყოველწამიერი მტკიცებით თავის პაციენტთან“, - განაცხადა ბერკაციშვილმა.
მისი თქმით, გაურკვეველია ისიც, თუ რა სანქციები ეკისრებათ მათ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან მაღალი დონის სტომატოლოგები გვყავს, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსიდან სულ გამარჯვებულები ბრუნდებიან, მაგრამ ახლა, როდესაც მათ ქულების მოგროვება უწევთ, ისინი იძულებულები არიან დაბრუნდნენ ქვეყანაში, დააგროვონ ეს ქულები ადგილობრივი ტრენინგებიდან და ამ ეტაპზე ისიც არ ვიცით, რა სანქციები გვეკისრება. გაურკვევლობაში ვართ და ეს ძალიან ცუდია. კულუარულად გამოდის ინფორმაცია, რომ ექიმი კი არა, კლინიკა დაჯარიმდება 1000 ლარით, რაც არ არის დაზუსტებული, რადგან არსად არ წერია. ანუ კლინიკა, სადაც ერთი სტომატოლოგი მუშაობს და სადაც 50 სტომატოლოგი მუშაობს, ერთი და იგივე თანხით ჯარიმდება.
კიდევ არის მეორე თემა - სტომატოლოგი ეძებს იაფფასიან ტრენინგს, რათა ქულების დაგროვების მიზნით გაიაროს, მაგრამ აქ იყო რამდენიმე რეალური მაგალითი, როდესაც ექიმმა პრაქტიკული ნაწილი ფულის დაზოგვის მიზნით აღარ გაიარა. სულ 40 აკრედიტირებული ტრენინგ-ცენტრია, სადაც ხშირად ადგილიც არ არის, ამ დროს ხდება განუკითხაობა, არაჯანსაღი კონკურენციის ფაქტებმა ძალიან ცუდი შედეგები გამოიღო და ეს არის იმის ბრალი, რომ რეგულირების სააგენტო ყველა კლინიკას ვერ ამოწმებს, რადგან თუ კლინიკა რეგისტრირებული არ არის, მისი შემოწმება ვერც მოხდება. 700-ზე მეტი ასეთი კლინიკის რეგულირება, რომელიც დარეგისტრირდა ახლა შესაძლოა, ისევ იატაკქვეშეთში გადავიდეს ეს ბიზნესი, იმიტომ, რომ ამ ადამიანების უკან მათი ოჯახები დგას“, - განაცხადა ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელმა.
იგი აცხადებს, რომ კლინიკები იძულებულები გახდებიან, სადაზღვეოს გაუძვირონ ფასი ან საერთოდ უარი თქვან მასთან თანამშრომლობაზე.
„კლინიკები იძულებულნი არიან ან სადაზღვეოს გაუძვირონ ფასი ან ის დაბალი არსებული ფასი რამენაირად რაოდენობაში „ამოიღონ“. ახლა ალბათ, ბევრი კლინიკა უარს იტყვის სადაზღვეოსთან თანამშრომლობაზე.
ფასები სტომატოლოგიაში, რა თქმა უნდა, გაიზრდება. ჯერ არ ვიცი ზუსტად რამდენით, მაგრამ რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობის მქონეა ექიმი, ფასები მასთან მაქსიმუმს მიაღწევს. ამასთან, მასალებზეც არის გაზრდილი ცალკე ფასი. ასევე ექიმი ხელფასს უხდის პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერს, რომლის ყოლაც მათ დაავალდებულეს. ნარჩენების გატანაში იხდიან ცალკე თანხას, რომლის საკითხიც ასევე ძალიან მოსაწესრიგებელია. პრობლემა კომპლექსურია და სერიოზულ მიხედვას საჭიროებს“ - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, სტომატოლოგები ვალდებულები იქნება უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ჩაერთონ და ტრენინგებზე დასწრებით ყოველ წელს 20 ქულა დააგროვონ. დადგენილების თანახმად, ტრენინგები მათ შორის უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიც არის გადაუდებელი მდგომარეობების და ალერგიული რეაქციებით გამოწვეული შემთხვევების მართვა.