„მოტოტრანსპორტი დღეს ერთადერთია, რომელიც მართლა მოქნილია ქალაქში გადაადგილებისთვის, რადგან მას არ სჭირდება ყველაზე მნიშვნელოვანი, საპარკინგე სივრცე და ამავდროულად, საცობში გაცილებით უფრო ადვილია მოძრაობა“,- ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხების ექსპერტმა, „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს საქართველოში 24 444 მოტოციკლეტი და სკუტერია. ხოლო ზოგადად ქვეყანაში მოტოტრანსპორტად მოაზრებული 28 000 სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული, რადგან კვადროციკლებიც მოტოტრანსპორტად ითვლება.
„მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ ეს გარდაუვალია და ქალაქში მომავალში უფრო და უფრო მეტი მოტოტრანსპორტი იქნება, რადგან ეს ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებაა, რომელსაც გადაადგილების უკეთესი საშუალება ექნება.
მოტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდა ყოველწლიურად ძალიან მაღალია და ეს თვალითაც მარტივი შესამჩნევია. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ გადაადგილებისთვის ყველაზე მოქნილია და ასევე ის, რომ არ სჭირდება სპეციალური საპარკინგე სივრცე.
სადაც არ უნდა ვიყიდოთ ბინა თბილისში, ყველაზე პრობლემური იქნება საპარკინგე სივრცე. კორპუსებთან საპარკინგე სივრცეები ძალიან ძვირი ღირს ან საერთოდ არ არის, კერძო სახლების შემთხვევაში კი აუცილებელია გქონდეს იმხელა ეზო, რომ ავტომობილი გააჩერო. შესაბამისად, მოტოტრანსპორტი ყველაზე მოქნილია ამ მხრივ და სადაც გინდა გააჩერებ.
ამაზე შეზღუდვა არ არსებობს და სამწუხაროდ, არ არსებობს სპეციალური საპარკინგე სივრცეები მოტოტრანსპორტისთვის, რადგან მისი განვითარება არ იყო მოაზრებული არც ერთ გეგმაში. ამიტომ, რომ არ გამორჩენოდათ, რომ მოტოტრანსპორტიც არსებობს, ბოლო გადაწყვეტილებით, მათ ავტობუსის ზოლში გადაადგილების უფლება მისცეს.
გარდა მოქნილობისა, მოტოტრანსორტი ეკონომიურია და ბევრად ნაკლებ საწვავს საჭიროებს. ასევე ზოგიერთი მათგანი არის სრულად ელექტრო. ამიტომ თანხების დაზოგვის კუთხითაც, სასურველი ტრანსპორტია“, - აღნიშნა მევლუდ მელაძემ.