„თუ ეს არის ჯარიმებისთვის „ხაფანგი“, დამნაშავე არის ის, ვინც აგებს და არა ის, ვინც ებმება“ - მელაძე BUS LANE-ებზე

„თუ ეს არის ჯარიმებისთვის „ხაფანგი“, დამანაშავე არის ის, ვინც აგებს და არა ის, ვინც ებმება“ - ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ bpn.ge-სთან BUS LANE-ებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ დერეფნები ბოლომდე შეკრული არ არის და მძღოლებისთვის დამაბნეველია, სად იწყება და მთავრდება ზოლი, აუცილებელია ნიშნების გამკვეთრება.

„როდესაც საგზაო ინფრასტრუქტურას ეხება საქმე, სახელმწიფოს მხარე, ამ შემთხვევაში, თბილისის მერი, ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ მკაფიო იყოს მინიშნებები, მძღოლებმა შეამჩნიონ და არ იყოს „მახე“. იმის გამო, რომ „ბას ლეინების“ დერეფნები ბოლომდე შეკრული არ არის, რაღაც მომენტში იწყება და მთავრდება. ამიტომ, რადგან ასეთი დასაწყისი და დაბოლოება აქვს, კიდევ უფრო მკაფიო და შესამჩნევი უნდა იყოს ზოლები და მინიშნებები. თუ ეს არის ჯარიმებისთვის „ხაფანგი“, დამნაშავე არის ის, ვინც აგებს და არა ის, ვინც ებმება.

გასაგებია, რომ რაღაც მომენტში შეიძლება ზოლებმა დაკარგოს ხილვადობა, სიბნელის, ან წვიმის გამო, მაგრამ საგზაო ნიშნით კარგად შესამჩნევი უნდა იყოს“,- ამბობს მევლუდ მელაძე.

მისი თქმით, „ბას ლეინებზე“ მოძრაობისთვის ჯარიმა სრულიად ადეკვატურია, თუმცა მიდგომა ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს და გარკვეული უპირატესობით არ უნდა სარგებლობდეს ის, ვისაც არ ეკუთვნის.

„რადგან „ბას ლეინი“ არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ავტომობილებისგან დაცლილი უნდა იყოს და ავტობუსებმა სწრაფად გადაადგილება მოახერხონ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჯარიმა ადეკვატურია, უბრალოდ, ეს მიდგომა სწორია იმ შემთხვევაში, თუ სხვა „პრიორიტეტული ადამიანები“ არ იარსებებენ, ვისაც შეუძლია გადალახვა ამ „ბას ლეინების“. უმეტეს შემთხვევაში, ასე ხდება, როდესაც ხედავ, რომ „ბას ლეინს“ იყენებს ისეთი ავტომობილი (არც მოტოტრანსპორტია, არც ტაქსი), რომელსაც წესით არ ეკუთვნის, გინდა არ გინდა, მიზიდულობის ძალა აქვს ამას და თუ გეჩქარება შენც გადაკვეთ, შესაბამისად მერე იღებ ჯარიმას.

თუმცა, ეს ზოლებიც ისე უნდა იყოს დახაზული, რომ იქ არ ხვდებოდე. მეც ძალიან ხშირად მეუბნებიან - კვადრატული მოძრაობა უნდა გამეკეთებინა, რომ „ბას ლეინი“ არ გადამეკვეთა და არ დავეჯარიმებინეო. ყოველ შემთხვევაში, რიგ უბნებში, სწორედ ასე კვადრატულად შედიან და გამოდიან ავტომობილები, რაც ფიზიკას ეწინააღმდეგება. ავტომობილს გამოსასვლელად სჭირდება რაღაც რადიუსის შეკვრა, ანუ წრიული მოძრაობის გაკეთება, შესაბამისად, ისე უნდა იყოს დახაზული, რომ ეს შესაძლებელი იყოს. ასეთი დახაზული ბევრგან არის, მათ შორის, ყაზბეგის ქუჩაზე, სადაც ინერციის ასაღები სივრცე არ რჩება და პირდაპირ კვადრატულად უნდა გამოვიდეს ავტომობილი.

ბევრი პრობლემები ჩნდება გზადაგზა, მუშაობენ ამაზე, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ტემპიც საკმარისი არ არის. სწრაფად მოგვარებადი უნდა იყოს ნებისმიერი ხარვეზი“,- ამბობს მევლუდ მელაძე.

ნინი ქეთელაური