საქართველოში ყოველ 1 კვადრატულ კილომეტრზე 64 კაცი ცხოვრობს - მთლიანი მოსახლეობა 3 694 600 კაცს შეადგენს

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან ირკვევა.

მათივე ცნობით, 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობის სიმჭიდროვემ 1 კვ.კმ-ზე 64.6 კაცი შეადგინა.

„საქართველოს დედაქალაქი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, სადაც 1 კვ.კმ.-ზე 2 495.9 ადამიანი ცხოვრობს. თბილისის შემდეგ, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (125.2 კაცი), შიდა ქართლი (71.2 კაცი) და იმერეთი (68.9 კაცი). ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულია რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი, სადაც 1 კვ.კმ.-ზე 5.7 ადამიანი ცხოვრობს.

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს,“ - ნათქვამია პუბლიკაციაში.

თაია არდოტელი