„რეგულაციები კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს  - მშენებლობებზე დაუგეგმავი ინსპექტირება უნდა მოხდეს“

„არსებობს რიგი რეგულაციები, მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს“ – რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნოე მეგრელიშვილმა ჰაერის დაბინძურებაში სამშენებლო სექტორის წილზე ისაუბრა.

„მყარი ნაწილაკების გავრცელების წყარო თბილისსა და ბათუმში სამშენებლო სექტორთან არის კავშირიში. არსებობს რიგი რეგულაციები, მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს, მათ შორის დაუგეგმავი ინსპექტირება უნდა მოხდეს და საერთო მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ქუჩების სველი წესით დამუშავებაც და მუნიციპალიტეტმა უნდა შეიძინოს დამატებითი ტექნიკა, რომელიც ამ პრობლემას ხარისხიანად მოაგვარებს. მოუწესრიგებელი ღია გრუნტი დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილის თქმით, გარემოს დაცვის კუთხით ელექტრომობილების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ელექტრომობილებისთვის აქციზი ისედაც ნულია საქართველოში, თუმცა ეს პარკი მაინც ვერ იზრდება ისეთი სისწრაფით, როგორც გვსურს. მთავარი პრობლემა ალბათ, დამტენი მოწყობილობების სიმცირეა და გეგმაში სწორედ მათი გაზრდა გვიწერია. ასევე შეღავათია ჩადებული იმ მიწის გადაცემის პირობებში, სადაც ეს დამტენები უნდა დამონტაჟდეს.

ასევე გეგმაშია ველობილიკების რაოდენობისა და ფართობების ზრდა და ასევე ველოსიპედების განბაჟების შეღავათებიც, რაც მათ შეძენას შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ეს ყველაფერი რამდენიმე სახელმწიფო უწყების კოორდინირებულ მუშაობას ითვალისწინებს. კონკრეტულად კი ეკონომიკის, შს, ფინანსთა სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების. ნოე მეგრელიშვილი განმარტავს, რომ გეგმის ბიუჯეტი 62 მლნ-ზე მეტია.

ეკა დარჩიაშვილი