„თბილისში 15 ათასამდე ლიფტია, ინსპექტირება კი 5 047 აქვს გავლილი“ - რა ჯდება მათი შემოწმება და მონტაჟი

თბილისში ტექნიკური ინსპექტირება 5 047 ლიფტს აქვს გავლილი. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მიაწოდა. მათივე ცნობით, ლიფტების პერიოდული ტექინსპექტირების ჩაუტარებლობის გამო, 2020 წლიდან დღემდე დაჯარიმებულია 28 ამხანაგობა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „სი ეი ინთერნეიშენალის“ გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ განაცხადა, „ლიფტების ინსპექტირებაზე მოთხოვნა სტაბილურ დონეზე არის“.

როგორც მან აღნიშნა, მომართვიანობის უმეტესობა კვლავ პერიოდულ ინსპექტირებასა და ახალი ლიფტების მონტაჟის შემდეგ შემოწმებაზეა. შელიას თქმით, ლიფტების შემოწმებაზე მოთხოვნა ძირითადად კომერციული ტიპის ობიექტებშია. ცნობისთვის, ლიფტების პერიოდული ინსპექტირება სამ წელში ერთხელ ხორციელდება.

„თბილისში დაახლოებით 15 ათასამდე ლიფტი არის და ამ ლიფტების უმეტესობა კვლავაც არ არის ინსპექტირებული. უბედური შემთხვევები სწორედ ასეთ ლიფტებში ხდება.

თითქმის 10 წელია ჩვენი კომპანია არსებობს და ამ დროის მანძილზე ვცდილობთ, დავარწმუნოთ ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო იმაში, რომ გაკეთდეს ერთიანი მონაცემები, სადაც შესული იქნება ყველა ლიფტი გამონაკლისის გარეშე, რათა სახელმწიფოს ჰქონდეს კონტროლი და ვიცოდეთ, რომელი ლიფტია ინსპექტირებული და რომელი არა. საჭიროა ერთიანი მონაცემების დროული შემუშავება, რადგან რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო ხანდაზმული ხდება ეს ლიფტები, ეს კი უბედური შემთხვევების რისკებს ზრდის.

ამჟამად, დედაქალაქში ძველი ლიფტები უფრო მეტია, ვიდრე ახალი. საუბარი მაქვს ლიფტებზე, რომლებიც 20 წელზე მეტის არის“, - განაცხადა სანდრო შელიამ.

რაც შეეხება ფასებს, ლიფტის შემოწმება 300 ლარამდე ჯდება, მოდერნიზება 10 ათას ლარამდე, ხოლო ახალი ლიფტის მონტაჟის საფასური 20 ათასი დოლარიდან იწყება.

„ინსპექტირების ფასი დაახლოებით 200-300 ლარია და დამოკიდებულია სართულების რაოდენობაზე, კომერციულია თუ არა და ა.შ. ახალი ლიფტების ნაცვლად შესაძლებელია იმ ნაწილების გამოცვლა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს. ამ შემთხვევაში ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულად რა არის გამოსაცვლელი,“ - აღნიშნავს შელია.

ამასთან, მისივე თქმით, ხშირად შესაძლებელია ლიფტის მოდერნიზება, რისი ღირებულებაც საშუალოდ 9-10 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება ახალი ლიფტების მონტაჟს, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სხვადასხვა კომპანიაში განუცხადეს, საფასური 20 ათასი დოლარიდან იწყება.

მერი ტაბატაძე