სოზარ სუბარი ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას უვნებელ პროცედურას უწოდებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას უვნებელ პროცედურას უწოდებს. ამის შესახებ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში იდგა საკითხი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის იდეა იყო, რომ ეროვნული ბანკი საერთოდ გაუქმებულიყო.

"ამ იდეას სერიოზულად განიხილავდნენ. იდეას რატომღაც მაშინ არ მოჰყოლია იმასთან მიახლოებული ხმაურიც კი, რაც მოჰყვა ამ აბსოლუტურად უვნებლივ პროცედურას, როგორიც არის ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა. ეს ასეა მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ფრთა სერიოზულად განიხილავდა, რომ გაუქმებულიყო საკონსტიტუციო სასამართლო. ამ იდეას გაცილებით ნაკლები ხმაური მოჰყვა, ვიდრე დღეს შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ არ მოეწონა საკონსტიტუციო სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილება. რა ხდება, იქნება თქვენ გამაგებინოთ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.