საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი - დღეს ეკონომიკის დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით

მშვიდობა არის საფუძველი მოგზაურებისთვის, ტურისტებისთვის და გვინდა, რომ მშვიდობიანი სამყარო და მსოფლიო არსებობდეს მომავალ წელსაც, როდესაც მსოფლიო ტურიზმის დღეს ჩავატარებთ, - ამის შესახებ საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა აჰმედ ალ ხატეებმა მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა აღნიშნა, ტურისტების რაოდენობის ზრდა კარგია, რადგან მთლიან შიდა პროდუქტზე გავლენას ახდენს.

„დღეს 10 პროცენტი არის ჩვენი წვლილი მსოფლიო ეკონომიკურ მოცემულობაში და 8-9 პროცენტი - დასაქმებაში, ასეა როგორც საუდის არაბეთში, ასევე სხვაგან. ჩვენ ვართ ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა, მაგრამ დღეს ეკონომიკის დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით. ჩვენ ნავთობის ძალიან დიდი რეზერვები გვაქვს და სხვა სფეროებშიც გვინდა განვითარება, მათ შორის ტურიზმში. მადლობა მინდა გადაგიხადოთ მიღებისთვის ამ ულამაზეს დედაქალაქ თბილისში, იმედი გვაქვს, რომ საქართველოსთან ერთად ვიმუშავებთ“, - განაცხადა აჰმედ ალ ხატეებმა.

საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა. მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდნენ 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს-სექტორის ხელმძღვანელი პირები, წამყვანი ლიდერები ტურიზმის ინდუსტრიიდან. მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“.