საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა დაინერგება

საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა დაინერგება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა დღეს ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე განიხილეს. "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის ცვლილებების პროექტი საჯარო სამსახურის ბიურომ ანტიკორუფციული საბჭოს მიერ შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოამზადა.

საკანონმდებლო ცვლილებას საფუძვლად დაედო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე ვალდებულებები, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. აგრეთვე სხვა სახელმწიფო და გამოცდილება.

როგორც ჟურნალისტებს ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, ის მომხრეა ისეთი სისტემის, როდესაც დაცული იქნება ბალანსი საჯარო და კერძო ინტერესს შორის. "ჩვენ საქართველოში ყველამ ვიცით, რომ გვაქვს ერთ-ერთი სანიმუშო სისტემა მსოფლიოში, რომელიც გულისხმობს ონლაინ დეკლარაციების შევსებას საჯარო მოხელეების მიერ. სამმართველოს უფროსის დონე იქნება თუ დეპარტამენტის და არა მხოლოდ მინისტრების და მაღალჩინოსნების, ავსებენ ასეთ დეკლარაციებს. მოქალაქეებმა იციან, ვინ რა ქონებას ფლობს, ან წინა წელთან შედარებით რა შეიძინა დამატებით. თუმცა დღემდე არ არსებობს სისტემა, რომელიც მონიტორინგს განახორციელებდა, თუ რამდენად სწორად წერენ ადამიანები მონაცემებს, შემთხვევით შეცდომას ხომ არ უშვებენ ან განზრახ ხომ არ წერენ ცრუ მონაცემებს. ჩვენ ვიზალიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში გვაქვს ვალდებულება, დავნერგოთ მონიტორინგის სისტემა. ყველამ ვნახეთ, რომ რიგის სამიტის წინ სწორედ ხაზი გაესვა იმას, რომ ეს კრიტერიუმი საქართველოს ბოლომდე შესრულებული არ აქვს. მე პირადად მხარს ვუჭერ ისეთ მონიტორინგს, რომელიც დაიცავს ერთი მხრივ, საჯარო ინტერესს, რომ თქვენ, საზოგადოებამ, იცოდეთ სწორად შევავსეთ თუ არა ყველამ დეკლარაციები და მეორე მხრივ, პირად მონაცემებს, რადგან არის შემთხვევები, როცა ოჯახის წევრების ინფორმაციებით იწერება და ეს პირადი მონაცემების დაცულობის კუთხით პრობლემებს უქმნის მათ. ამიტომ კერძო და საჯარო ინტერესს შორის ბალანსი დაცული უნდა იყოს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.