ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი ვენახები ალაზნისა და ივრის აუზებში, ზღვის დონიდან 400-700 მეტრ სიმაღლეზე, ნეშომპალა-კარბონატულ, შავმიწა და ალუვიურ ნიადაგებზე მდებარეობს.
ამავე ცნობით, ქვეყანაში დარეგისტრირებული 25 ადგილწარმოშობის ღვინიდან 19 კახეთში იწარმოება: წინანდალი, გურჯაანი, ვაზისუბანი, მანავი, კარდენახი, ტიბაანი, კახეთი, კოტეხი, ნაფარეული, მუკუზანი, თელიანი, ქინძმარაული, ახაშენი, ყვარელი, ახმეტის მწვანე, ხაშმი, წარაფი, ახოები და მაღრაანის ქისი.
კახეთის ადგილობრივ და კულტივირებულ ჯიშებს შორის აღსანიშნავია: რქაწითელი, საფერავი, მწვანე კახური, ქისი, ხიხვი, ბუდეშური წითელი, კახური მცვივანი, საფენა, კუმსი ყვითელი, კაბერნე სოვინიონი (ფრანგული ჯიში), თავკვერი, იყალთოს წითელი და სხვა. კახეთში მოყვანილი ყურძნისგან მაღალი ხარისხის როგორც ევროპული, ასევე კახური ტრადიციული წესით დაყენებული ღვინო მზადდება.
ტრადიციულ კახური ღვინის ტექნოლოგიას ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში. იგი გულისხმობს საწნახელში ყურძნის დაწურვასა და ტკბილის (ბადაგი) ჩასხმას ქვევრში. გამოწურვის შემდეგ ჭაჭისა და კლერტის სრულ რაოდენობას ამატებენ ქვევრში ჩასხმულ ყურძნის ტკბილს. ალკოჰოლური დუღილის დასრულების შემდეგ ჭაჭა იწყებს დაძირვას და ქვევრები იხურება, ხოლო ვაშლრძემჟავური დუღილის შემდეგ ქვევრები უკვე ჰერმეტულად იხურება.
მარტში ღვინოს პირველად გადაიღებენ. შემდეგ დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ღვინოს ავარგებენ და სისტემატურად აკონტროლებენ. ტრადიციული კახური ღვინის გარდა, კახეთში გავრცელებული ვაზის ჯიშებიდან დგება ძალიან კარგი ევროპული სტილის ღვინო. მაგალითად, რქაწითელისა და კახური მწვანეს მონაწილეობით დგება ცნობილი ქართული ღვინო „წინანდალი“.
კახეთის რეგიონში ყველაზე გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია საფერავი. მისგან ამზადებენ როგორც ქვევრის, ასევე ევროპული სტილის ღვინოებს. საფერავისგან დგება შესანიშნავი ვარდისფერი და ცქრიალა ღვინოებიც. კახეთმა საუკუნეების განმავლობაში შექმნა და ჩამოაყალიბა სუფრის ღვინის ორიგინალური ტიპი, რომელიც საკმაოდ განსხვავდება მსოფლიოში არსებული ღვინის ამ ტიპისგან. იგი გამოირჩევა მაღალი ექსტრაქტულობით, ფენოლური ნაერთებისა და ტანინის მაღალი შემცველობით, სასიამოვნო ბუკეტით, ჯიშური არომატითა და გემოთი.