ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს დავა სააპელაციოშიც მოუგო - ბანკს 743 მლნ-მდე დოლარის გადახდა დაევალა

სინგაპურის სააპელაციო სასამართლომ ქართველი ბიზნესმენის და პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ს დავაზე გადაწყვეტილება ბიზნესმენის სასარგებლოდ გამოიტანა.

როგორც ბიძინა ივანიშვილის უცხოელი ადვოკატების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, განაჩენი მიმდინარე წლის ივლისში გამოცხადდა, თუმცა მათ ამის შესახებ მედიასთან არ უსაუბრიათ.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის კომპენსაციის სახით 742.73 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მაისში ივანიშვილმა Credit Suisse-ს 926 მლნ დოლარის ზარალის ასანაზღაურებლად უჩივლა, თუმცა თანხა იმავე წლის სექტემბერში შემცირდა და სასამართლომ ბანკს ბიზნესმენის სასარგებლოდ 743 მილიონამდე დოლარის გადახდა დააკისრა. შვეიცარული ბანკის Credit Suisse-ის სინგაპურის ფილიალმა კი ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ბანკის ადვოკატები კომპენსაციის ოდენობის შემცირებას ითხოვდნენ. თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, 2024 წლის ივლისში სინგაპურის სააპელაციო სასამართლომ ბანკის წარმომადგენლების სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს 2015 წელს უჩივლა. ივანიშვილმა შვეიცარულ ბანკში დაბანდებული თანხის ნაწილი Credit Suisse-ის სინგაპურის ფილიალის კონსულტანტ პატრის ლესკოდრონის ქმედებების გამო დაკარგა, რომელიც კლიენტების, მათ შორის, ივანიშვილის ანგარიშებიდან ფულს ფარულად ხსნიდა. ლესკოდრონი 2018 წელს თაღლითობისთვის გაასამართლეს, ხოლო 2019 წელს გაათავისუფლეს. თუმცა 2020 წელს მან თავი მოიკლა. ლესკოდრონმა აღიარა, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს თავისი გარიგებების ზარალს კლიენტების ფულის ხარჯზე ფარავდა.

ნათია ზარიძე