Tasteatlas-მა 10 ყველაზე ცნობილი ქართული ღვინის შესახებ რეიტინგი განაახლა. რეიტინგში პირველ ადგილს საფერავი იკავებს. როგორც Tasteatlas-ი წერს, საფერავის წარმოშობის ადგილი აღმოსავლეთ საქართველოა, თუმცა მცირე რაოდენობით გვხვდება აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში, ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებშიც.
ქართულ ღვინოებს შორის მეორე ადგილს იკავებს ქისი. გამოცემა წერს, რომ ქისი ძირითადად კლასიკური მშრალი ქართული ქვევრის ღვინის დასაყენებლად გამოყენება. Tasteatlas-ი აღნიშნავს, რომ ქირის 2000-იანი წლებისთვის გადაშენების პირას იყო, თუმცა ნელ-ნელა მისი გაშენება ხორციელდება.
რეიტინგში მესამე ადგილზეა რქაწითელი. პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ რქაწითელი საქართველოში შესაძლოა, ყველაზე პოპულარული თეთრი ყურძენი, მსოფლიოში კი ერთ-ერთი უძველესი ყურძნის ჯიშია. „მიუხედავად იმისა, რომ იგი მოჰყავთ ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც, ეს უძველესი ყურძენი ერთ-ერთ წამყვან ქართულ ჯიშად რჩება“, - წერს Tasteatlas.
მეოთხე ადგილი ჩინურს ერგო. Tasteatlas-ის ავტორები წერენ, რომ ჩინურის წარმოშობის ადგილი ქართლია, თუმცა გვხვდება კახეთშიც. ყურძენ მაღალი მოსავლიანობითა და ზომიერი სიტკბო/მჟავიანობით გამოირჩევა. მისი საშუალებით ძირითადად მშრალი ღვინოების წარმოება ხორციელდება.
ხუთეულს კი ხურავს მწვანე კახური, რომლის წარმოშობის ადგილიც საქართველოა და ძირითადად კახეთში გვხვდება. ეს ქართული ყურძნის ჯიშიც ძირითადად მშრალი ღვინოების წარმოებისთვის გამოიყენება.
მეექვსე ადგილი ცოლიკაურს ერგო. ეს ქართული ვაზის ჯიში ძირითადად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული. მისი საშუალებით შესაძლებელია მშრალი, ნახევრად ტკბილი თეთრი ღვინის წარმოება. Tasteatlas-ი წერს, რომ ცოლიკაურს აქვს პოტენციალი იმისა, რომ ცქრიალა ღვინის წარმოებისთვისაც გამოდგეს.
მეშვიდე ადგილი - თავკვერი. ეს ქართული ყურძნის ჯიში უმეტესად აღმოსავლეთ და ცენტრალურ საქართველოში - კახეთსა და ქართლში გვხვდება. მისგან შესაძლებელია როგორც ტრადიციული კლასიკური, ასევე ქვევრის ღვინის წარმოება. როგორც Tasteatlas-ი აღნიშნავს, თავკვერი მსუბუქი დასალევია, რის გამოც შესაძლოა, „ახალგაზრდებში იყოს პოპულარული“.
მერვე ადგილი ძველი ქართული ყურძნის ჯიშმა ციცქამ დაიკავა. მისი წარმოების არეალი უმეტესად იმერეთის რეგიონს მოიცავს. ციცქა ყურძნის გვიან ჯიშებს მიეკუთვნება, არის მსუბუქი დასალევი და მისგან ხარისხიანი ღვინო იწარმოება. Tasteatlas-ი წერს, რომ ციცქას ხშირად ცოლიკაურსა და კრახუნას ურევენ.
კრახუნამ რეიტინგში მე-9 ადგილი დაიკავა. ძირძველი ქართული ყურძნის სამშობლო იმერეთია. გამოყენება სტანდარტული მშრალი ღვინოების წარმოებისთვის. მას ხშირად ციცქასა და ცოლიკაურს ურევენ.
10 ყველაზე პოპულარული ქართული ვაზის ჯიშის რეიტინგი დახურა შავკაპიტომ. წითელი ქართული ყურძნის წარმოშობის ადგილი ქართლის რეგიონია. Tasteatlas-ი წერს, რომ შავკაპიტოს პოტენციალი დიდია, მისი ნარგავები კი ქართლში მზარდია. ის უმეტესად მშრალი წითელი ღვინის წარმოებისთვის გამოიყენება, მაგრამ შესაძლებელია ქვევრში დაყენებაც.