„თბილისის პერიფერიებსა და ცარიელ ადგილებზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა უნდა ავკრძალოთ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ურბანისტმა ირაკლი მურღულიამ განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქში ბევრი ექსპლუატაცია ამოწურული და საცხოვრებლად სახიფათო შენობა-ნაგებობაა და ახალი კორპუსების მშენებლობის ნაცვლად, უმჯობესი იქნება თუ არსებული შენობების ჩანაცვლება განხორციელდება.
„ქალაქში ძალიან ძველი, ექსპლუატაცია ამოწურული შენობებია; არის ძალიან ბევრი მოუვლელი ისტორიული შენობა, სადაც ცხოვრება სახიფათოა ან იმის გამო, რომ გაუარესებულია საცხოვრებელი პირობები, არავინ არ ცხოვრობს; ძალიან ბევრი გვაქვს ასევე ე.წ ცივი საწოლი, ანუ სახლები, რომელსაც ყიდულობენ, ვერ აქირავებენ, არ ცხოვრობენ და მხოლოდ უძრავ ქონებად არის დასაწყობებული. ამ ყველაფერს ერთმანეთს თუ გადავაბამთ, ცხადი ხდება, რომ პერიფერიებსა და ცარიელ ადგილებზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა უნდა ავკრძალოთ, მით უმეტეს კორპუსების, რომლებიც ძალიან დაბალი ხარისხისაა. საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ ახალი კორპუსების მშენებლობა და ახალი ტერიტორიების ათვისება აიკრძალოს. ეს გამოიწვევს იმას, რომ ქალაქის ცენტრში არსებული შენობების ჩანაცვლება მოხდება, გაიზრდება ფასები და გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები,“ - აღნიშნავს ირაკლი მურღულია.
შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში დედაქალაქში 2 679 სამშენებლო ნებართვა გაიცა, საიდანაც უდიდესი ნაწილი, კერძოდ, 2 152 ნებართვა საცხოვრებელზე მოდიოდა. ამავე მონაცემების მიხედვით, გასულ წლებში წლიურად გაცემული ნებართვების რაოდენობა 9 ათასიდან 11 ათასის ფარგლებში მერყეობდა.
საცხოვრებელი მშენებლობების რაოდენობასთან ერთად, მზარდია თბილისის მოსახლეობაც. მაგალითად, 2020 წლის შემდეგ დედაქალაქში მოქალაქეთა რიცხოვნობა დაახლოებით 73.7 ათასით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, 2020 წელს თბილისში 1.18 მლნ ადამიანზე მეტი ცხოვრობდა, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით კი მაცხოვრებელთა რაოდენობა 1.25 მილიონამდე გაიზარდა.