გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ახალი სკვერი გაიხსნა

ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში დაახლოებით 5 000 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სკვერის საზეიმო გახსნას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ გედეხაური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„პროექტის ფარგლებში, მოხდა ტერიტორიის გამწვანება, მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, ველობილიკი, სკეიტ პარკი, სატრენაჟორო სივრცე, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. სკვერი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

სამუშაოები სრულად დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი ჯამური ღირებულება 980 000 ლარს აღემატება. განახლებული რეკრეაციული სივრცით 2 500 ბენეფიციარი შეძლებს სარგებლობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.