Gnomonwise საქართველოში ყურძნის სუბსიდირების, ფასებისა და წარმოების შესახებ კვლევას აქვეყნებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ყურძნის წარმოების სიჭარბეა გამოკვეთილი.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ ბოლო წლებში, სუბსიდიების გაფართოებასთან ერთად, ყურძნის მოსავალი მომატებულია. ამავე პერიოდში, ადგილზე ჩაბარების დროს ყურძნის ფასი სუბსიდირების გარეშე მკვეთრად არ შეცვლილა.
„ყურძნის სუბსიდირებისთვის ხელშემწყობი ფაქტორია დროის პერიოდი. რთველი შემოდგომაზე იმართება, საქართველოში კი არჩევნები სწორედ ამ პერიოდში ტარდება. რთველი და წინასაარჩევნო კამპანია თანადროულია. მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდშიც, რთველი პოლიტიკურ განცხადებებსა და გადაწყვეტილებებში მოექცა. მთავრობამ ყურძნის სუბსიდირების მასშტაბი გააფართოვა, ხოლო ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ერთობამ უფრო მეტი მოითხოვა.
საქართველოში ყურძნის სუბსიდირებას კონვენციური ფორმა აქვს, რაც ყურძნის ფასების საბიუჯეტო მხარდაჭერას ნიშნავს. პირველი, ესაა გასაყიდი ყურძნის ფასის საბიუჯეტო დანამატი და მეორე, დაბალი ხარისხის (უვარგისი) ან ჭარბი ყურძნის შესყიდვა სახელმწიფო კომპანიების მიერ. ამგვარი მიდგომა ამახინჯებს საბაზრო პრინციპებს და ადუმებს ბაზრის სიგნალებს, რაც იწვევს ყურძნის ჭარბწარმოებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე მევენახის სტიმულების დათრგუნვას.
სუბსიდიის კონვენციური მიდგომა კი ქმნის ერთგვარ სპირალს, რომელიც უფრო და უფრო მეტ საბიუჯეტო რესურსს მოითხოვს. წარმოების სუბსიდირება მიზეზია ჭარბწარმოებისა, ესე იგი, იმ მოცულობის ან ხარისხის ყურძნის წარმოების, რომელიც მოთხოვნას ჩამორჩება. სუბსიდიით სტიმულირებული უფრო მეტი წარმოება უფრო მეტ საბიუჯეტო დახმარებას მოითხოვს.
არაერთმა ქვეყანამ სოფლის მეურნეობაში მაღალპროდუქტიულობას სწორედ იმით მიაღწია, რომ გასული საუკუნის მიწურულს მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. აღნიშნულ პერიოდამდე, სექტორის ზოგი მიმართულება სუბსიდირებული და სამთავრობო დახმარებებით გამორჩეული იყო, რაც ჭარბწარმოებისა და შემდეგში ფისკალური კრიზისის მიზეზი გახდა. შექმნილმა კრიზისმა კი მთავრობები აიძულა, შეეკვეცათ, ან მთლიანად გაეუქმებინათ არაერთი ტრადიციული ტიპის სასოფლო-სამეურნეო დახმარება, რამაც ხელი შეუწყო სექტორის პროდუქტიულობის ზრდას.
საქართველოში ყურძნის წარმოების სიჭარბე აშკარად გამოკვეთილია. ბოლო წლებში, სუბსიდიების გაფართოებასთან ერთად, ყურძნის მოსავალი მომატებულია. ამავე პერიოდში, ვენახთან (ადგილზე ჩაბარება) ყურძნის ფასი (სუბსიდიის გარეშე, საბაზრო ფასი) მკვეთრად არ შეცვლილა. ამრიგად, ყურძნის გაზრდილი წარმოება ნაკლებად უკავშირდება მასზე მოთხოვნის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ზრდას როგორც ვხედავთ, ყურძნის ჭარბწარმოების ფაქტორი პოლიტიკურია, რაც ელექტორული მიზნებით არის განპირობებული, კერძოდ, პოლიტიკური კეთილგანწყობის მოპოვებით, რისთვისაც სუბსიდიები გამოიყენება”, - აღნიშნულია gnomonwise-ის კვლევაში.