დატვირთულობა 30%-ით შემცირდა - ფოთოლცვენაზე ველოდებით მომართვიანობის ზრდას - „ეკო სოფელი ტყეში“

ზაფხულის სეზონი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში, დაცულ ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროსთვის, „ეკო სოფელი ტყეში“ დატვირთული იყო. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ სასტუმროს დირექტორი ნინო ნიორაძე აცხადებს, სეზონზე ობიექტს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები სტუმრობდნენ.

„ზოგადად ზაფხულში მიჩვეულები არ ვართ ხოლმე ადგილობრივი ტურისტების ვიზიტებს. უცხოეთის შემთხვევაში მოდიან ტურისტები შემდეგი ქვეყნებიდან: შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, შედარებით მცირე რაოდენობით ამერიკიდან, რუსეთიდან და ა.შ“, - განაცხადა ნინო ნიორაძემ.

მისი თქმით, შემოდგომის სეზონისთვის ობიექტის დატვირთულობამ დაახლოებით 30%-ით იკლო. თუმცა, „ეკო სოფელი ტყეში“ ოქტომბერ-ნოემბერში ფოთოლცვენის დროს სტუმრების რაოდენობის ზრდას ელოდება.

„დატვირთულობა დაახლოებით 30%-ით შემცირდა, თუმცა მოდის ფოთოლცვენის პერიოდი და ოქტომბერ-ნოემბერში იმატებს ხოლმე ჩვენთან მომართვიანობა“, - აღნიშნავს ნინო ნიორაძე.

რაც შეეხება განთავსების ფასს, ზაფხულისთვის 2-ადგილიანი ნომრის ღირებულება 250 ლარს შეადგენდა. ფასი მოიცავდა საუზმეს, სარელაქსაციო აივანს, აუზს, ორთქლის და ფინურ საუნასა და ჯაკუზს. შემოდგომისთვის ფასი 200 ლარი იქნება.

ნიორაძე აღნიშნავს, რომ ამჟამად ობიექტს 60 სტუმრის მიღება შეუძლია. აგრეთვე, „ეკო სოფელი ტყეშის“ მფლობელებმა მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ობიექტს საცურაო აუზი, მარანი, გასართობი სივრცე და 20 კოტეჯი დაამატა, გაფართოვდა რესტორანიც.

მერი ტაბატაძე