„ლიფტების ინსპექტირების ფასი დაახლოებით 200-300 ლარია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „სი ეი ინთერნეიშენალის“ გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ფასი დამოკიდებულია როგორც სართულების რაოდენობაზე, ასევე იმაზე, აღნიშნული ლიფტი საცხოვრებელ კორპუსშია განთავსებული თუ კომერციული დანიშნულებისაა.
„ინსპექტირების ფასი დაახლოებით 200-300 ლარია და დამოკიდებულია სართულების რაოდენობაზე, კომერციულია თუ არა და ა.შ. ახალი ლიფტების ნაცვლად შესაძლებელია იმ ნაწილების გამოცვლა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს. ამ შემთხვევაში ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულად რა არის გამოსაცვლელი,“ - აღნიშნავს შელია.
როგორც „ბიზნესპრესნიუსმა“ გაარკვია, ახალი ლიფტების მონტაჟი სირთულის მიხედვით 20 ათასი დოლარიდან იწყება. შელიას თქმით, ხშირად შესაძლებელია ლიფტის მოდერნიზება, რისი ღირებულებაც საშუალოდ 9-10 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს.
„იმ უბედური შემთხვევების უმეტესობა რაც ვიცით, ისეთი დეტალების მწყობრში არყოფნის გამო მოხდა, რისი გამოცვლაც ძვირი არ არის, მაგალითად, საუბარია საკეტებსა და სენსორებზე. ყველაზე ხშირად ხდება, რომ ლიფტის სენსორები, რომლებიც პასუხისმგებელია კონკრეტულ სართულზე კარის გაღებაზე, მწყობრიდან გამოდის. შედეგად ხდება ყალბი დაფიქსირება და ლიფტის გაჭედვა.
არაკომპეტენტური ხელოსნები სენსორებს საერთოდ აშორებენ, რომ ლიფტი არ იჭედებოდეს, მაგრამ ეს სენსორი როცა არ არის, შეიძლება მოხდეს ასეთი რამ, რომ კარი გაიღოს, ლიფტი არ დახვდეს მგზავრს და ჭაში ჩავარდეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ უსაფრთხოება მსგავს შემთხვევაში არ არის დაკავშირებული მხოლოდ ხარჯებთან, შეიძლება მცირეოდენი ხარჯებით აღმოვფხვრათ პრობლემები“, - განაცხადა სანდრო შელიამ.
იხილეთ ასევე: „თბილისში ძველი ლიფტები უფრო მეტია, ვიდრე ახალი - ინსპექტირების შემთხვევაში, ნახევარზე მეტი უნდა გაჩერდეს“