ამერიკიდან ავტომობილების ჩამოყვანა შესაძლოა, შეფერხდეს -  „დეფიციტი შეიქმნება და გაძვირდება კონტეინერები“

„ახლა ამერიკაში არის საკმაოდ რთული სიტუაცია ჩატვირთვების მხრივ. მასობრივი გაფიცვებია, ზოგიერთმა კომპანიამ დააანონსა კიდეც, დეფიციტი შეიქმნება და გაძვირდება კონტეინერი“,- ამის შესახებ ავტოიმპორტიორმა ჯაბა გოგინაშვილმა bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში ავტობიზნესი ნელ-ნელა უკან მიდის და „თუ არ მიეხედა, ქართველი დილერები და კომპანიები, სავარაუდოდ, დარჩებიან თამაშგარე მდგომარეობაში. ისარგებლებს ყველა ქვეყანა, საქართველოს გარდა“.

როგორც ჯაბა გოგინაშვილი განმარტავს, კომპანიების ნაწილმა „დაარიგა კოდები“, შედეგად, ავტომობილები ბაზრობის გვერდის ავლით იყიდება. აღნიშნულმა კი, ბოლო 2 თვეში 10 000-დოლარიანი მანქანები საშუალოდ, 2000 დოლარით გააიაფა.

„ძალიან ელემენტარულია, როდესაც ბაზარში მიდიხართ პროდუქტის საყიდლად, თუ უშუალოდ შემომტანისგან მიიღებთ, ბაზარში აღარ მიხვალთ ხომ?! ეს გააკეთეს კომპანიებმა და არც უარყოფენ, რომ თვითონ დაარიგეს კოდები, შესაბამისად ქართველი დილერი გაიწია გვერდზე. ყიდულობენ მხოლოდ იმ მანქანებს, რომლის შეძენა აუქციონით არ არის შესაძლებელი ან თავადვე ვერ ჩამოიყვან.

შედეგად, ბოლო 2 თვეში თითქმის 2000 დოლარით დაიკლო ნებისმიერმა მოდელმა. 3000-5000 დოლარიან მანქანებზე არ მაქვს საუბარი (აქ პროცენტულად ნაკლები გამოდის გაიაფება), მაგრამ 10 000 დოლარიანი მანქანები 2000 დოლარით გაიაფდა. ავტობაზრობაზეც რომ მოხვიდეთ, მანქანები საკმაოდ შემცირებულია, აღარ უღირს ხალხს ამდენი წვალება. რამდენიმე კომპანიის ვიდეოც ვნახე - „როგორ ავირიდოთ თავიდან არაკეთილსინდისიერი დილერი“. ჯერ, ძალიან არასწორი დამოკიდებულებაა, რას ნიშნავს არაკეთილსინდისიერი?! ადამიანები ღამეებს ათენებენ აუქციონზე თუ პროფილაქტიკებში და ცოტა თანხა რომ გამოიმუშაონ, რამე ახალია?! ამ ბიზნესში ისეთი ხალხი შემოვიდა, ვინ რას ამბობს, თვითონაც არ იციან.

მე ვფიქრობ, მალე ბაზარი თვითონ დაარეგულირებს სიტუაციას. ახლა ამერიკაში საკმაოდ რთული სიტუაციაა ჩატვირთვების მხრივ. მასობრივი გაფიცვებია და ზოგიერთმა კომპანიამ დააანონსა კიდეც, დეფიციტი შეიქმნება და გაძვირდება კონტეინერი. ახლაც გაჩერებულია ბევრი დამტვირთავი კომპანია ამერიკაში, შესაბამისად, მე ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ისევ დაიწყებენ ნელ-ნელა ავტობაზრობაზე ყიდვას. ეს ავტომობილების ბაზარზე დეფიციტს შექმნის, ფინანსურად დავზარალდებით, თუმცა სიტუაციას დაარეგულირებს. სხვა შემთხვევაში, ეს ბიზნესი გადავა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და გამოიყენებენ მხოლოდ ჩვენ პორტს და პროფილაქტიკებს“,- ამბობს ჯაბა გოგინაშვილი.

ნინი ქეთელაური