ევროპული Wero - ევროკავშირი Visa და Mastercard ბარათების ალტერნატივას ნერგავს

ევროკავშირის უმსხვილესი ბანკები წლების განმავლობაში ჩუმად ავითარებდნენ გადახდის ახალ სისტემას, რომელიც საბოლოოდ საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, Visa-ს და Mastercard-ის ბარათების გამოყენება შეწყვიტონ.

ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

პროექტი, სახელწოდებით Wero, უკვე დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში ინერგება. მას 16 წამყვანი ბანკი და გადახდის ისეთი პროცესორები უჭერს მხარს, როგორიც არის BNP Paribas SA, Deutsche Bank AG და Worldline SA.

პლატფორმა საშუალებას იძლევა, მაგალითად, გერმანელმა კლიენტმა საფრანგეთის სასტუმრში საფასური Visa-ს ან Mastercard-ის ნაცვლად საკუთარი საბანკო ანგარიშის გამოყენებით მყისიერად გადაიხადოს.

Bloomberg-ის შეფასებით, ევროპა ცდილობს, მსოფლიოში ორი უდიდესი ფინანსური კომპანიის გავლენა შეამციროს.

“თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ, Visa-მ და Mastercard-მა შესაძლოა, მილიარდობით დოლარი დაკარგონ, რომლებსაც ევროპელი სავაჭრო ობიექტებისგან მათი ბარათებით განხორციელებული ყოველი ტრანზაქციისთვის იღებენ,” - წერს Bloomberg.

Wero-ს უკან მდგომი კომპანია European Payments Initiative-ის აღმასრულებელი დირექტორი, მარტინა ვაიმერტი აცხადებს, რომ Visa-ს და Mastercard-ს “დიდი საბაზრო ძალაუფლება აქვთ.“ ამდენად, Wero-ს მიზანი „საერთაშორისო გადაწყვეტილებების ალტერნატივის შექმნა, ასევე, ევროპელი მომხმარებლებისა და მოთამაშეებისთვის ევროპული არჩევანის შეთავაზებაა“.

ვაიმერტი აღიარებს, რომ „ზედმეტად თამამი განცხადება იქნებოდა,“ Wero-ს უკვე კონკურენტი რომ ეწოდოს და „ეს ერთგვარი სტარტაპია.“ თუმცა ეს არის სტარტაპი, რომელმაც თავისი ინვესტორებისგან უკვე 500 მლნ ევრო (553 მლნ დოლარი) მოაგროვა. ამასთან, Wero-ს მონაწილე ბანკებიდან უკვე მზა კლიენტების ბაზა აქვს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ