მთავრობა 30 სატელევიზიო მაუწყებელს 1 073 076.68 ლარს დაუბრუნებს

2015 წლის პირველი ივლისიდან, საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობა ეტაპობრივად შეიცვლება ციფრული მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ივლისის 10.00 საათიდან თბილისში, საგარეჯოში, კოჯორში, მარნეულში და რუსთავში ქართული ტელეპროგრამების ღია ეთერით მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ციფრულ ფორმატში.

ახალი ფორმატის მაუწყებლობაზე გადასვლა სახელმწიფო მნიშვნელობის ფართომასშტაბიან რეფორმას წარმოადგენს, რომელიც ეხება ჩვენს მოსახლეობასა და მაუწყებლებს. საქართველოს მთავრობის ინიციატივით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავტორობით, 2015 წლის 17 ივნისიდან განხორციელდა ცვლილება "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, სატელევიზიო მაუწყებლებისთვის უქმდება ლიცენზირების რეჟიმი და ტელეკომპანიები საქმიანობას განახორციელებენ მარტივი ავტორიზაციის გზით.

ამ თემაზე დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ ბრიფინგი გამართა, რომელსაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესმდივანი ხატია ყურაშვილი და საქართველოს რეგიონული მაუწყებლობის ასოციაციის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი ესწრებოდნენ. როგორც ნათია მიქელაძემ აღნიშნა, დღემდე კანონი ანალოგური მაუწყებლობის სპეციფიკაციაზე იყო მორგებული, კერძოდ მაუწყებლობა დაკავშირებული იყო ამოწურვადი რესურსის გამოყენებასთან და შესაბამისად, მაუწყებლობის ლიცენზია საკმაოდ რთული პროცედურების გავლის შემდეგ გაიცემოდა. ვინაიდან, ციფრული მაუწყებლობის დროს ამოწურვადი რესურსის მფლობელი და მაუწყებელი სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოადგენენ, ტელეკომპანიას საქმიანობის დასაწყებად აღარ დასჭირდება ლიცენზირების გართულებული პროცედურის გავლა, არამედ აღნიშნული შესაძლებელი იქნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ავტორიზაციის გავლის შემდეგ.

"აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სწორედ აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ წინასწარ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებლის უკან დაბრუნებას, ლიცენზიის ვადით დარჩენილი დროის პროპორციულად. საერთო ჯამში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 30 სატელევიზიო მაუწყებელს უკან დაუბრუნებს 1,073,076.68 ლარს, რომელიც გამოიყო საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

ეს სატელევიზიო მაუწყებლებია: "გურია", "კავკასია", "თანამგზავრი", "მეცხრე ტალღა", "25-ე ტელეარხი", "იმერვიზია", "დია", "იმპერია", შპს "კვეტენაძე და კომპანია", "ქვემო ქართლის ტელეკომპანია", ინფორმკავშირი - ტელევიზია "არგო", "ეკომი", "ბორჯომი", "ზარი", "თრიალეთი", "ოდიში", "ომეგა", "თვალი", "რიონი", "მეგა ტვ", "პიკი", "მაესტრო", "პირველი სტერეო", "თბილისი", "ჯი-დი-ესი", "იბერია ტვ", "ტელეიმედი", "რუსთავი-2", "სამოქალაქო განათლების ფონდი" და "მედიაცენტრი ღია აფხაზეთისათვის".

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებულ რეკომენდაციების თანახმად, 21 ადგილობრივ (რეგიონალურ) მაუწყებელს, მათი სამაუწყებლო ლიცენზიებით გათვალისწინებული გავრცელების არეალის შესაბამისად, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა საეთერო მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება მიანიჭა, რომლის შესაბამისად, აღნიშნული ადგილობრივი მაუწყებლები აგებენ ადგილობრივი ციფრული მიწისზედა საეთერო მაუწყებლობის ქსელს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები ტელეკომპანიებისათვის იქნება მნიშვნელოვანი შეღავათი, ხოლო მომხმარებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი პროგრამებით.

ჩვენი ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ხელს შეუწყობს მედიაბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინვესტიციების მოზიდვასა და საზოგადოების შემდგომ პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას", - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.