იაპონია ოთხდღიანი სამუშაო კვირის რეფორმას იწყებს - მიზეზი ზედმეტი მუშაობით გამოწვეული სიკვდილიანობა გახდა

იაპონიის მთავრობამ ოთხდღიანი სამუშაო კვირის ხელშეწყობის მიზნით მუშაობის სტილის რეფორმა დაიწყო. რეფორმის მიზანი მოქნილი სამუშაო გრაფიკის წახალისება, სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაოს შეზღუდვაა.

ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

რეფორმის ფარგლებში, შრომის სამინისტრო სხვა საკითხებთან ერთად იმ კომპანიებს დაასუბსიდირებს, რომლებსაც დასაქმებულთა სამუშაო საათების შემცირება სურთ. მთავრობას სამუშაო საათების შემცირებით სამსახურებში ავადმყოფობის პრობლემის მოგვარება და ჯანდაცვის სისტემაზე ტვირთის შემსუბუქება სურს.

კერძოდ, სამთავრობო ანგარიშის მიხედვით, კაცების 10,1% და ქალების 4,2% კვირაში 60 საათზე მეტს მუშაობს, რაც ზედმეტი შრომისა და სტრესისგან ავადმყოფობასა და სიკვდილსაც კი იწვევს. ასეთ სამუშაო სტრესსა და გადატვირთულობას იაპონიაში თავისი ტერმინიც აქვს, რასაც „კაროშის“ უწოდებენ. 2022 წელს ქვეყანაში კაროშისთან დაკავშირებული თვითმკვლელობის შედეგად 2,968 ადამიანი დაიღუპა.

თუმცა იაპონიაში, რომელიც თავისი workaholic-ური კულტურით არის ცნობილი, ოთხდღიანი სამუშაო კვირის იდეა პოპულარული არ არის. იაპონური კომპანიებისთვის ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლის შესაძლებლობა კანონით ჯერ კიდევ 2021 წლიდან არის გათვალისწინებული. თუმცა, შრომის სამინისტროს ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში კვირაში სამდღიანი დასვენების უფლებით ქვეყანაში არსებული კომპანიების მხოლოდ 8%-მა ისარგებლა.

Fujitsu-ს მთავარი ეკონომისტი, მარტინ შულცი განმარტავს, რომ სამუშაო არის ის ადგილი, სადაც იაპონელების უმეტესობა ყველაზე მეტად არის სოციალიზებული და თანამშრომლები ხშირად არიან მზად, გუნდის დასახმარებლად სამსახურში უფრო დიდხანს დარჩნენ. შულცის თქმით, იაპონელებისთვის კომპანიის ნაწილად ყოფნა საზოგადოების ნაწილად ყოფნაა, რაც ხშირად სამუშაო საათების გაზრდას იწვევს. თუმცა ამით შრომის ეფექტიანობა არ იზრდება.

იაპონია არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ადამიანები სამსახურში ზედმეტი სამუშაოს გამო იღუპებიან. მაგალითად, შვედეთში 2019 წელს სამუშაო ადგილზე სტრესის გამო 770 ადამიანი დაიღუპა. თუმცა იაპონია ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც სამსახურში სტრესისა და გადატვირთულობის შედეგად გარდაცვალების სტატისტიკას სახელმწიფო დონეზე ეწევა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ