„სუფრის ყურძნის წარმოება საქართველოში ფაქტობრივად, არ არის“, - ამის შესახებ bpn.ge-ს Sartichala Vineyard Management-ის დირექტორი კოტე კვერნაძე ესაუბრა. მის მოსაზრებას ამყარებს საქსტატის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ყურძნის იმპორტი საკმაოდ მაღალ მაჩვენებელზეა. კერძოდ, წელს 8 თვეში საქართველომ უკვე 3.084 მლნ აშშ დოლარის (2 041 ტონა) პროდუქტი შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 2.998 მლნ აშშ დოლარის (2 417 ტონა).
მიუხედავად იმისა, რომ Sartichala Vineyard Management-ი წელს უკვე 550 ტონამდე მოსავალს აიღებს, რაც გასულ წელთან შედარებით, გაორმაგებული მაჩვენებელია, კოტე კვერნაძე ამბობს, რომ მეტად გაფართოების რესურსი, ამ ეტაპზე კომპანიას საბანკო ვალდებულებებიდან გამომდინარე, აღარ აქვს.
რაც შეეხება ფასს, Sartichala Vineyard Management-ის დირექტორის თქმით, წელს შედარებით მისაღებია და 1 კგ-ს საბითუმო ღირებულება სახეობების მიხედვით, 2-3 ლარია.
„მოსავლის აღება ჯერ არ დაგვისრულებია. რეალურად, 1 თვეა, რაც კრეფა დავიწყეთ. დაახლოებით, 300 ტონა ყურძენი მოვკრიფეთ, აქედან 150 ტონამდე უკვე გავყიდეთ, დანარჩენი დასაწყობებული გვაქვს. სავარაუდოდ, 250 ტონა კიდევ მოსაკრეფია.
ამ ეტაპზე, 100% შიდა ბაზარზე გაიყიდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ არ დასრულებულა მოსავლის აღება, წინასწარ არ ვიცით ექსპორტზე როგორ და სად გავალთ. სავარაუდოდ, შეიძლება, გავიდეთ დუბაიში, გაერთიანებულ ემირატებში და ბელარუსში. თუმცა, წინასწარ ვერ გეტყვით.
რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არის იმპორტის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი, სუფრის ყურძნის წარმოება საქართველოში ფაქტობრივად, არ არის, ძალიან მცირე მასშტაბით არის. რატომ არ ხდება ინვესტირება, ამას მე ვერ გეტყვით.
ჩემი კომპანიის შემთხვევაში, ამ ეტაპზე რესურსი არ მაქვს, რომ გავფართოვდე. საკმაოდ დიდი ინვესტიცია გავაკეთეთ და საკრედიტო ვალდებულებები გვაქვს, რომელიც ჯერ უნდა დავფაროთ. ამიტომ, გაფართოებას ვერ ვგეგმავთ ჯერ.
რაც შეეხება ფასს, წელს შედარებით ნორმალურია, ჯიშების მიხედვით სხვადასხვა ფასია, იწყება 2 ლარიდან და 3 ლარზე ადის“,- ამბობს კოტე კვერნაძე.