„ქართველებმა ვერ ვისწავლეთ მოგზაურობის სწორად დაგეგმვა“ - რჩევები უცხოეთში წასვლამდე

„ქართველებმა დაგეგმვა ვერ ვისწავლეთ. სანამ ბოლო წუთი არ დადგება და ყველაფერი უსაშველოდ არ გაძვირდება, მანამდე 90% ვერ ახერხებს, რომ წინასწარ მოიფიქროს, სად უნდა წასვლა“ - ამის შესახებ „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელმა და „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა კელაურაძემ bpn.ge-სთან ისაუბრა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ მოგზაურობა ბიუჯეტური გამოვიდეს, მინიმუმ 6 თვით ადრე ხდება ბილეთებისა და სასტუმროს დაჯავშნა. როგორც მამუკა კელაურაძე ამბობს, ასეთ დროს ძვირადღირებული სასტუმროებიც კი, საშუალოდ 40-50%-ით უფრო ნაკლები ღირს.

„როგორც წესი, საქართველოდან ზაფხულში ყველაზე მოთხოვნადია თურქეთი, ანტალიის მიმართულება. წელს, რაღაც მომენტში ძალიან გაძვირდა, იმიტომ, რომ დიდი მოთხოვნა იყო. ქართველებმა ვერ ვისწავლეთ მოგზაურობის სწორად დაგეგმვა. მაგალითად, გერმანელებს ახლა სექტემბერში რომ ჰკითხო, მათ მინიმუმ 6 თვის იქით აქვთ დაგეგმილი მოგზაურობები. მეტიც, 7-10 თვით ადრე გეგმავენ 5-6 მოგზაურობას წლის განმავლობაში. ქართველებმა დაგეგმვა ვერ ვისწავლეთ. სანამ ბოლო წუთი არ დადგება და ყველაფერი უსაშველოდ არ გაძვირდება, მანამდე 90% ვერ ახერხებს, რომ წინასწარ მოიფიქროს სად უნდა წასვლა.

ყველას ვეუბნები, რომ წინასწარ თუ გადაწყვეტთ, მაგალითად, იანვარ-თებერვალში, ამას ჰქვია ე.წ early booking-ის პრინციპი, ადრეული ჯავშანი, როდესაც გნებავთ თვითმფრინავი, სასტუმრო არის ბევრად უფრო იაფი.

გარდა ამისა, ავიაკომპანიები როდესაც ფასებს დებენ, საწყისი ფასი არის ძალიან დაბალი. იმ მომენტშივე თუ შეიძენთ, ბილეთებზე აკეთებთ ეკონომიას. რაც შეეხება სასტუმროს, early booking-ის პრინციპით, რაც უფრო ძვირადღირებულია სასტუმრო, მით უფრო მაღალია ფასდაკლება, შეიძლება 40-50%-ით უფრო იაფად აიღოთ ყველაზე ძვირი ნომრები. შედარებით ბიუჯეტური სასტუმროები, 20-30%-ით იაფია.

ასევე, არის გარკვეული სიტუაციები, როცა სეზონის განმავლობაში შეიძლება უცებ სასტუმროს ფასმა დაიკლოს, ეს გამოწვეულია გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო. მაგალითად, თუ რომელიმე ბაზარი ამოვარდა. უკრაინის ომი რომ დაიწყო, რუსეთი ამოვარდა თურქეთის ბაზრიდან. როცა, მილიონი მგზავრი ეკარგებათ, რჩებათ გაუყიდავი სერვისები და ფასებს აკლებენ ხოლმე“,- ამბობს მამუკა კელაურაძე.

ნინი ქეთელაური