ბანკებში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 15.3%-ით, ხოლო გაცემული სესხები 20.1%-ით გაიზარდა

2024 წლის აგვისტოში ბანკებში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 15.3%-ით, ხოლო გაცემული სესხები 20.1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „გალტ&თაგარტ“-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია საუბარი.

ამასთან, როგორც კვლევაში ვკითხულობთ, აგვისტოში, წინა თვეში დაფიქსირებული 19.6%-იანი წლიური ზრდის შემდეგ, ბანკების საკრედიტო პორტფელმა 57.7 მლრდ ლარი შეადგინა.

„გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, აგვისტოში სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ 18.6% შეადგინა (+1.1% თ/თ). სექტორების მიხედვით, კორპორატიული დაკრედიტება კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად 20.7%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო დაკრედიტების წლიური ზრდა 16.8% იყო; 2024 წლის აგვისტოში სესხების დოლარიზაცია 43.9%-მდე შემცირდა (-1.03პპ წ/წ და -0.34პპ თ/თ)“,- აღნიშნულია მიმოხილვაში.

„გალტ&თაგარტ“-ის მიხედვით, წელს, აგვისტოში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 15.3%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) და 56.1 მლრდ დოლარი შეადგინა. წინა თვეში წლიური ზრდა 15.0%-იყო.

„ვალუტების მიხედვით, აგვისტოში ლარის დეპოზიტები წლიურად 21.2%-ით (+21.6% წინა თვეში) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 9.3% იყო (+8.7% წინა თვეში). შედეგად, აგვისტოში დეპოზიტების დოლარიზაცია 47.8%-მდე შემცირდა (-1.91პპ წ/წ და -0.68პპ თ/თ)“,- ნათქვამია მიმოხილვაში.

ნინი ქეთელაური