დავით უსუფაშვილი: "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე საფინანსო ორგანიზაციების მოსაზრებების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია

მინდა ყველას ძალიან მყარი გარანტია მივცეთ იმისა, რომ პარლამენტი არც ამ და არც სხვა კანონს არ მიიღებს ისე, გათვალისწინებული და გააზრებული არ იყოს ყველა დასაბუთებული შენიშვნა და მოსაზრება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

უსუფაშვილის თქმით, განხილვის პროცესში მოხდა ბევრი რეკომენდაციის გათვალისწინება, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციების. "პირველი მოსმენით მიღებული ტექსტი მნიშვნელოვნად განსხვავებულია იმისგან, რაც თავდაპირველად იყო ინიცირებული. სწორედ განხილვის პროცესში მოხდა ბევრი რეკომენდაციის გათვალისწინება, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების. წერილში გამოთქმული მოსაზრებების დიდი ნაწილი პირველი მოსმენის დროს გათვალისწინებულია. მეორე მოსმენამდე გვექნება აქტიური კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ პირთან. მინდა ყველას ძალიან მყარი გარანტია მივცეთ იმისა, რომ პარლამენტი არც ამ და არც სხვა კანონს არ მიიღებს ისე, რომ გათვალისწინებული და გააზრებული არ იყოს ყველა დასაბუთებული შენიშვნა და მოსაზრება. ამ სფეროში ცხადია, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოსაზრებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ისეთ კანონს, რომელსაც ექნება ყველას მხარდაჭერა და გაგება", - განაცხადა უსუფაშვილმა.