გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინის 200 000 დოზა ქვეყანაში 15 ოქტომბრამდე შემოვა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აცრის გაკეთება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. რაც შეეხება ვაქცინას, როგორც ცნობილია, ქვეყანაში ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შემოვა.
“ჩვენთან გრიპის სეზონი იწყება ნოემბრის ბოლოდან და გრძელდება მაისამდე, ამიტომ აცრის საუკეთესო დროა ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის პირველი ნახევარი”, - აღნიშნა იმნაძემ.
გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფებია: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი), აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები; 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები; მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების თანამშრომლები; ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი; ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი; თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები; პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი; შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.