პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა "მაგთიკომის" მიერ აბონენტების ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შესწავლა დაიწყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შპს "მაგთიკომის" მიერ აბონენტების ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შესწავლა დაიწყო.

ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის ცნობილი გახდა შპს "მაგთიკომის" სტანდარტულ ხელშეკრულებაში შესული ცვლილების შესახებ, რომლის შესაბამისად, "აბონენტი თანახმაა მიიღოს მაგთიკომის პარტნიორი/კონტრაქტორი ორგანიზაციებისგან სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინება".

ინსპექტორის აპარატის განმარტებით, შეტყობინებიდან ასევე ირკვევა, რომ აბონენტს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე, რისთვისაც მან კონკრეტული გამგზავნის დასახელება მოკლე ტექსტური შეტყობინებით უნდა გააგზავნოს ნომერზე 91521. დღეს ინსპექტორმა "მაგთიკომისგან" ინფორმაცია გამოითხოვა, მათ შორის მოითხოვა აბონენტებთან გაფორმებული სტანდარტული ხელშეკრულების და პარტნიორ ორგანიზაციებთან დადებული შეთანხმების ასლები.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, აქვთ თუ არა აბონენტებს ხელშეკრულების აღნიშნულ პირობაზე უარის თქმის შესაძლებლობა. ხოლო თუ აბონენტი თანხმობას განაცხადებს, შეძლებს თუ არა მოგვიანებით, უარი თქვას არა მხოლოდ კონკრეტულ შეთავაზებაზე, არამედ "მაგთიკომის" ყველა პარტნიორის სარეკლამო შეთავაზებაზე. ასევე საინტერესოა, რა ფორმით შეძლებს აბონენტი პარტნიორი ორგანიზაციების ჩამონათვალის გაცნობას. კომპანიისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, შევძლებთ უფრო დეტალური კომენტარის გაკეთებას", - აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა.