საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ საკითხს ეხმაურება.
როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია, თუმცა ქართველი მოსახლეობის წინაშე რეალობას სხვაგვარად წარმოაჩენს.
„ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ “კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“- წერს საელჩო.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მაისში ივანიშვილმა Credit Suisse-ს 926 მლნ დოლარის ზარალის ასანაზღაურებლად უჩივლა, თუმცა თანხა იმავე წლის სექტემბერში შემცირდა და სასამართლომ ბანკს ბიზნესმენის სასარგებლოდ 743 მილიონამდე დოლარის გადახდა დააკისრა. შვეიცარული ბანკის Credit Suisse-ის სინგაპურის ფილიალმა კი ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ბანკის ადვოკატები კომპენსაციის ოდენობის შემცირებას ითხოვდნენ. თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, 2024 წლის ივლისში სინგაპურის სააპელაციო სასამართლომ ბანკის წარმომადგენლების სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს 2015 წელს უჩივლა. ივანიშვილმა შვეიცარულ ბანკში დაბანდებული თანხის ნაწილი Credit Suisse-ის სინგაპურის ფილიალის კონსულტანტ პატრის ლესკოდრონის ქმედებების გამო დაკარგა, რომელიც კლიენტების, მათ შორის, ივანიშვილის ანგარიშებიდან ფულს ფარულად ხსნიდა. ლესკოდრონი 2018 წელს თაღლითობისთვის გაასამართლეს, ხოლო 2019 წელს გაათავისუფლეს. თუმცა 2020 წელს მან თავი მოიკლა. ლესკოდრონმა აღიარა, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს თავისი გარიგებების ზარალს კლიენტების ფულის ხარჯზე ფარავდა.