სახელმწიფო ქონების 2024 წლის მე-3 კვარტლის გეგმა 216%-ით შესრულდა - სააგენტო

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის მესამე კვარტლის საპრივატიზებო გეგმა გადაჭარებებით, 216%-ით შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას, თავად სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში, მესამე კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 38 მლნ ლარის ნაცვლად 82 052 542 ლარი გადარიცხა. ამასთან, საანგარიშგებო პერიოდში გამოცხადდა 337 ელექტრონული აუქციონი.

"მიმდინარე წელს, წარმატებული პრივატიზაციის შედეგად, გადაჭარბებით შესრულდა სამივე კვარტლის საპრივატიზებო გეგმა, შედეგად 9 თვის გეგმით გათვალისწინებული 111 000 000 ლარის ნაცვლად, სააგენტომ ცენტრალურ ბიუჯეტში 179 241 279 ლარის გადარიცხვა უზრუნველყო, რაც წლიური გეგმის 89,6%-ს შეადგენს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნინი ქეთელაური