აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებულ საწარმოთა ბრუნვამ 2023 წელი მორიგი რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა. გასული წელი სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 63.994 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 11.647 მლრდ ლარით მეტია 2022 წელთან შედარებით.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მოცულობა შეადგენდა 52.647 მლრდ ლარს, 2021 წელს - 47.938 მლრდ ლარს, 2020 წელს კი 32.091 მლრდ ლარს. მთლიანად კი გასულ წელს სათამაში ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 31.2% იყო. ცნობისათვის, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 29%-ს შეადგენდა, 2021 წელს - 32%-ს, 2020 წელს კი 28%-ს.
როგორც ამ რიცხვებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს - საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს აზარტულ ბიზნესში სულ 12 223 ადამიანი იყო დასაქმებული, საშუალო ხელფასი 3 228 ლარს შეადგენდა. ამასთან, შარშან ამ სექტორში 80 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ცნობისათვის, 2018 წლიდან აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოების საქმიანობის შეფასება დაიწყო ახალი მეთოდოლოგიით. 2018 წლამდე აღნიშნული სექტორის საწარმოების ბრუნვის მოცულობაში აისახებოდა მხოლოდ მოთამაშეთა მიერ ჩარიცხული თანხის მოცულობა, ხოლო ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, რომლითაც საქსტატი უკვე 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, აღნიშნულ თანხასთან ერთად ბრუნვის მოცულობაში აისახება მოთამაშეთა მიერ ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამი.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 204.6 მლრდ ლარი შეადგინა, ამაში სათამაშო ბიზნესის წილი კი თითქმის 31.2% შეადგენს.
არსებული მონაცემებიდან აშკარაა, რომ ქვეყანაში, სადაც აზარტული თამაშებით არაერთმა ადამიანმა დაკარგა ქონება, სათამაშო ბიზნესი უფრო დიდია, ვიდრე მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და ა.შ. სათამაშო ბიზნესზე მეტი ბრუნვა წილობრივად მხოლოდ საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი) მოდის - 38%-ით (77 760 მლრდ ლარის ბრუნვა 2023 წელს).