აშშ-ის პორტები გაფიცვის მოლოდინშია - რა მოელის საკონტეინერო გადაზიდვებს

აშშ-ის პორტებმა სექტემბერში კონტეინერების იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირეს. ინფორმაციას shz-containers.com ავრცელებს.

კერძოდ, ტოპ 10 პორტში იმპორტი, გასულ წელთან შედარებით, თითქმის, 20%-ით გაიზარდა. აღმოსავლეთ სანაპიროსა და მექსიკის ყურის პორტებმა დასავლელ კონკურენტებს აჯობეს. ლოს-ანჯელესი იმპორტის ყველაზე მნიშვნელოვან პორტად რჩება, შემდეგი კი ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის პორტებია. მოცულობის ყველაზე სწრაფი, ანუ 38.4%-იანი ზრდა ოკლენდის პორტმა დააფიქსირა.

საკონტეინერო გადაზიდვების ბაზარი წლის ბოლომდე მკვეთრად, 5-6%-ით გაიზრდება. ამდენად, კონტეინერების ბრუნვის დაჩქარების, ასევე, პორტების გადატვირთულობის შესამცირებლად და მიწოდების ჯაჭვის შეფერხების თავიდან ასაცილებლად ლოს-ანჯელესისა და ლონგ-ბიჩის პორტებში კონტეინერების გრძელვადიანი შენახვისთვის 25 სექტემბრიდან ახალი ჯარიმები ამოქმედდა.

კერძოდ, გადამზიდველები ტერმინალში დაშვებულზე მეტ ხანს გაჩერებული კონტეინერის ყოველ დამატებულ დღეზე 100 დოლარს იხდიან.

თუმცა ბოლო დღეებში მთელი ყურადღება მიპყრობილია აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს და მექსიკის ყურის პორტებში დაგეგმილ გაფიცვაზე, რამაც ტრანსპორტირებასა და ლოგისტიკაზე შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. ჩრდილოეთ ამერიკის მტვირთავი მუშების უმსხვილესი პროფკავშირი გაფიცვას მას შემდეგ გეგმავს, რაც პორტების წარმომადგენლებთან ახალ შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ImportGenius-ის მონაცემებით, გასულ კვირას ამ პორტებით, თითქმის, 14 მლრდ დოლარის საქონელმა გაიარა, ხოლო მხოლოდ პარასკევს ტვირთის მოცულობამ 2,7 მლრდ დოლარი შეადგინა. გაფიცვამ შესაძლოა, სერიოზულად შეაფერხოს აშშ-ის ეკონომიკა, რადგან აღმოსავლეთ სანაპიროსა და მექსიკის ყურეში მდებარე პორტებს შეერთებულ შტატებში საკონტეინერო ტვირთის 43%-დან 49%-მდე შეაქვთ.

თუ გაფიცვა შედგა, ეს 1977 წლის შემდეგ აშშ-ის მტვირთავთა საერთაშორისო ასოციაციის (ILA) პირველი გაფიცვა იქნება.

რაც შეეხება 2025 წლის პერსპექტივებს, მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსი, 2024 წელთან შედარებით, სავარაუდოდ, შესუსტდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ