„ბასლეინები“ არ უნდა იყოს ყველგან - მხოლოდ 28 000 საპარკინგე ადგილი გვაქვს თბილისში, როცა 600 000 ავტომობილია“

„ბასლეინები“ არ უნდა იყოს ყველგან,“ - ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ისეთ ქუჩებზე, სადაც არცერთ ტრანსპორტს არ უჭირდა გადაადგილება, ავტობუსის ზოლების გამოყოფამ, შეზღუდა როგორც გასაჩერებელი ადგილები, ისე მოძრაობა.

„ზოგადად, რაც შეიძლება მეტი საპარკინგე სივრცის მომხრე ვარ. მხოლოდ 28 000 ადგილი გვაქვს მთელ ქალაქში, როცა 600 000 ავტომობილია. აბსოლუტურად არ შეეფარდება ერთმანეთს. მეტიც, ადგილები აკლდება იმის გამო, რომ ხალხი როგორმე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიდეს. ამ დროს, ჩვენი ქალაქი ბიოგრაფიულად არ არის ისე განლაგებული, რომ შეიკრას და საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მოქნილად იმოძრაოს. აქედან გამომდინარე, ისიც იჭედება.

არ ვარ იმის მომხრე, რომ გასაჩერებელი სივრცე არ იყოს, პირიქით, როგორც მინიმუმ, ტაქსმა მაინც ხომ უნდა ჩამოსვას მგზავრი?! სხვამ თუ არა. ეს პრობლემა საკმაოდ ხშირია და საცობების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. იმიტომ, რომ თუ ვიღაც 1 წუთით გაჩერდება, შემდეგ ავტომობილს უკვე წუთნახევრით შეიძლება მოუწიოს დაყოვნება, რაც საცობებს ქმნის.

ჩემი აზრით, „ბასლეინები“ არ უნდა იყოს ყველგან. ავტობუსის ხაზები მხოლოდ ისეთ ადგილებზე უნდა იყოს, სადაც სხვა შემთხვევაში გართულდებოდა ავტობუსის გადაადგილება. მაგალითად რომ ავიღოთ, ყაზბეგის ქუჩაზე თუ ავტობუსს გადაადგილება ისედაც არ უჭირდა, იქ არ იყო იმის აუცილებლობა, რომ „ბასლეინი“ ყოფილიყო. იქ საცობი საერთოდ არავისთვის არ იყო, დღეს ავტობუსისთვის ისევ ისეთი თავისუფალი მოძრაობაა, მაგრამ სამაგიეროდ, საავტომობილო ზოლი მთლიანად ჩახერგილია, გადასვლა-გადმოსვლა ძალიან პრობლემურია, ავტომობილების შუა გზაზე გაჩერება კი უსაფრთხო ისედაც არ არის,“ - ამბობს მევლუდ მელაძე.

ნინი ქეთელაური