მატარებელი “რიცა” ღვინის ტურით მოსკოვიდან აფხაზეთში იმოძრავებს - რა ეღირება მოგზაურობა

რუსეთის რკინიგზის ტუროპერატორი, “РЖД тур” ახალ ტურისტულ მატარებელ „რიცას“ ჩაუშვებს, რომელიც მოსკოვს ე.წ. ღვინის ტურით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონ აფხაზეთთან დააკავშირებს.

ამის შესახებ “РЖД тур”-ის გენერალურმა დირექტორმა, რომან ბარაკოვსკიხმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პირველი რეისი მოსკოვი-ნოვოროსისკი-გაგრა-სოხუმი-სოჭი-დონის როსტოვი-მოსკოვის მარშრუტით 18 ოქტომბერს შესრულდება. ტური ღვინის ქარხნებისა და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების მონახულებაზე იქნება ფოკუსირებული. კერძოდ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გაჩერებას ნოვოროსისკში, სადაც მგზავრებს ღვინის ქარხნებში გაუწევენ ექსკურსიას.

ტურის პროგრამა, ასევე, მოიცავს აფხაზეთში ლურჯი ტბის, იუფშარის კანიონისა და რიცის ტბის მონახულებას, გასეირნებას სოჭის ოლიმპიური პარკსა და სანაპიროზე.

მატარებლის შემადგენლობაში შედის სპა-ვაგონი საუნითა და საშხაპეებით, ასევე, ვაგონი-რესტორანი ბარით. აფხაზეთთან დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთისას მგზავრები „საპასპორტო კონტროლს“ მატარებლის გაჩერების გარეშე გაივლიან.

რაც შეეხება ფასს, რვადღიანი ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 1 100 დოლარიდან იწყება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ