ღვინის ტურიზმის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო საფრანგეთს უსწრებს

გერმანულმა ანალიტიკურმა ცენტრმა, Statista-მ, კომპანია Bounce-ზე დაყრდნობით, ღვინის ტურიზმისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც საქართველო წამყვან ხუთეულს ხურავს და საფრანგეთს უსწრებს.

რეიტინგი Statista-ს და Bounce-ის ვებგვერდებზე ვრცელდება.

რეიტინგი ხუთ ინდიკატორს ეფუძნება, როგორიც არის ქვეყანაში ღვინის მოხმარება, წარმოება, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვენახის ფართობის პროცენტული მაჩვენებელი, ტურების, ასევე, დეგუსტაციების რაოდენობა და ღვინის ბოთლის საშუალო ღირებულება.

Statista-ს მიხედვით, საქართველოში ერთ ადამიანზე 57ლიტრი ღვინო იწარმოება, ხოლო ვენახის ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 0,70%-ს შეადგენს. ტურებისა და დეგუსტაციების რაოდენობა მილიონ კაცზე 211-ია, ხოლო ბოთლი ღვინის საშუალო ღირებეულბა 5,91 დოლარია.

მონაცემების ანალიზის საფუძველზე პორტუგალიამ ყველაზე მეტი, ანუ 10-დან 8,83 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე 8,16 ქულით მოლდოვაა, სადაც ვენახის ფართობი მსოფლიო მასშტაბის, თითქმის, 2%-ს შეადგენს. მესამეზე 7,86 ქულით იტალია, ხოლო მეოთხეზე 7,18 ქულით ესპანეთია. საქართველო წამყვან ხუთეულს 7,05 ქულით ხურავს, რითიც საფრანგეთს უსწრებს.

საფრანგეთი 6,87 ქულით მხოლოდ მე-6 ადგილზეა. მას უნგრეთი 6,52 ქულით მოსდევს. არაევროპული ქვეყნებიდან ტოპ 10-ეულში მხოლოდ ახალი ზელანდია და ჩილეა. ახალი ზელანდია 5,97 ქულით მე-8, ხოლო ჩილე 5,31 ქულით მე-10 ადგილზეა. მათ შორის, ანუ მე-9 ადგილზე საბერძნეთია, რომელმაც 5,32 ქულა დააგროვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ