რატომ არ სურთ ფერმერებს მოსავლის სტიქიისაგან დაზღვევა?

2014 წლის 1 სექტემბრიდან ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა ამოქმედდა, რომლის თანადაფინანსებაც სახელმწიფომ იტვირთა. აგრორისკების სუბსიდირება 70-დან 90%-ს, ზოგ შემთხვევაში კი - 95%-საც აღწევდა. თავიდანვე ითქვა, რომ დაზღვევა ისეთ სტიქიურ მოვლენებს შეეხება, როგორიცაა სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. ერთწლიანი საპილოტე პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით განისაზღვრა და მას მსხვილი სადაზღვევო კომპანიები - "ალდაგი," "აისი ჯგუფი" და "ჯიპიაი ჰოლდინგი" შეუერთდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამით არაერთმა გლეხმა და ფერმერმა ისარგებლა, დაზღვევის მიმართ უნდობლობა მაინც შეინიშნება. bpn.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ საქართველოში მცხოვრები ფერმერები ამ პროგრამაზე და რამდენიმე მათგანს გაესაუბრა.

ფერმერ ნინა პეტროვა-ძნელაძეს მოსავალი არ დაუზღვევია. 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად სერიოზული ზარალი ნახა, მაგრამ მიაჩნია, რომ საქართველოში ფერმერი დაზღვევის იმედად ვერ იქნება. "ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სათბურები გვაქვს. ძალიან დავზარალდით. ქარიშხალმა სათბურებს სახურავი გადახადა, მოსავალი კი, მთლიანად დაიტბორა. ჩვენს სათბურებში ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტები მოგვყავს და არანაირ შხამქიმიკატს არ ვიყენებთ, ამიტომ მოსავალს მწერებიც გვიზიანებს. სტიქიის გამოც ძალიან დიდი ზიანი მოგვადგა, ჩვენს ზემოთ მდებარე სათბურები კი საერთოდ დაიტბორა. არ ვიცი, საკუთარი ძალებით თუ მოვახერხებთ ყველაფრის აღდგენას, ჯერჯერობით კი, ძალიან გვიჭირს. წალეკილი სათბურები თუ არ აღვადგინეთ, მოსავალს ვერ მოვიყვანთ. ზოგიერთს უკანასკნელი სახსრებით გაკეთებული სათბური დაეტბორა, თანაც 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ მორალური უფლებაც არ გვაქვს და ვერ ვთხოვთ მთავრობას, რომ დაგვეხმაროს", - ამბობს ნინა პეტროვა-ძნელაძე.

მისივე თქმით, დაზღვევა აუცილებელია, მაგრამ ფერმერები მრავალი მიზეზის გამო იკავებენ თავს აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობისაგან. "მე ვიცი ბევრი ფერმერი, რომელსაც მოსავალი შარშანაც დაუზიანდა, წელსაც, მაგრამ კომპენსაცია ჯერაც არ მიუღია. თუ რომელიმე კომპანია დაგვპირდება, რომ ფორსმაჟორის დროს დანაკარგს სწრაფად აგვინაზღაურებს, მაშინ დავაზღვევთ, თუ არადა, ისედაც ჩვენი სახსრებით ვაკეთებთ ყველაფერს და დაზღვევის ხარჯის დამატება რაღა საჭიროა? თავდაპირველად მეც ვაპირებდი აგროდაზღვევაში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ მერე გადავიფიქრე: ლარის კურსის რყევა, ბანკის ვალი, გადასახადები - ეს ყველაფერი ნებისმიერ ფერმერს მძიმე ტვირთად აწევს. დაზღვევა როგორ არ მინდა, მაგრამ იმხელა დანახარჯები გვაქვს, რომ გვირჩევნია ისევ ბუნების იმედად ვიყოთ. თანაც, ეს საპილოტე პროგრამა იყო, რომლის კორექტირებას აპირებენ. თუ ჩვენთანაც ისეთი სიტუაცია იქნება, როგორიც საზღვარგარეთის ქვეყნებშია და ზარალს მეორე დღესვე ამინაზღაურებენ, მაშინ შეიძლება აგროდაზღვევაში მონაწილეობა მივიღო, რატომაც არა! ალბათ, დროთა განმავლობაში ყველაფერი დარეგულირდება და თუ უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებენ, თანახმა ვარ პირველ რიგში მე გავაკეთო დაზღვევა", - აღნიშნა ნინა პეტროვა-ძნელაძემ.

დაზღვევის თანხა არ აუღია ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთის მკვიდრ რეზო ჭეიშვილსაც, მაგრამ ამას საკუთარ თავს აბრალებს:

- ჩვენ ორი კულტურა დავაზღვიეთ - თხილი და ციტრუსი. ნოემბერში ჩვენი რაიონის ზოგიერთი სოფელი დაისეტყვა. ციტრუსის გამო ჩვენი სოფლის მოსახლეობაც დაზარალდა. ციტრუსის მოსავლის დაახლოებით 20% განადგურდა. ნაწილმა კომპენსაცია მიიღო, ნაწილმა კი - არც იცოდა სად და ვისთან მისულიყო, ან ვისთვის მიემართა. ჩემმა მეზობლებმა რა ზიანიც მიიღეს, აუნაზღაურეს, მე კი, საკუთარ თავს ვადანაშაულებ, რომ არ ვიაქტიურე. ბათუმში გვჭირდებოდა ჩასვლა და განცხადების შეტანა, თანაც, დროც შეზღუდული იყო და კომპენსაციის გარეშე დავრჩი. თუ ჩემს გვერდით მეზობელმა 300 ლარი მიიღო, მე რატომ არ მომცემდნენ? როგორც ჩანს, უნდა იბრძოლო, რომ სადაზღვევო კომპანიამ ზარალი აგინაზღაუროს. არავინ გეტყვის - მობრძანდი და თანხა წაიღეო.

აგროდაზღვევის ფულს ფართობის მიხედვით ვიხდით: ერთხელ მოდის აგენტი, დაათვალიერებს, გეტყვის რამდენ კვ. მეტრზე გაქვს თხილი, ან ციტრუსი გაშენებული და ყოველ ათას მეტრზე 6 ლარს გადაგახდევინებს. ეს დიდი თანხა ნამდვილად არ არის, რადგან გურიაში ერთ ჰექტარზე დიდი ნაკვეთი ძალიან ცოტას აქვს: მე მაგალითად, მიწა განაწილებული მაქვს - 2 ათას მეტრზე ციტრუსი მომყავს, 2 ათასზე - თხილი, დანარჩენზე კი სიმინდი, ბოსტნეული და ა.შ... ჩემს ირგვლივ ყველას ასეთი, მცირე ზომის ნაკვეთები აქვს.

აგროდაზღვევაში არც კოოპერატივ "რანჩოს" ხელმძღვანელი ამირან ხახიშვილი მონაწილეობს, რადგან ეს პროგრამა გვალვისაგან მიყენებული ზარალის დაზღვევას არ ითვალისწინებს. "თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მოხისში, მანგლისთან ახლოს ფერმა მაქვს. შარშან ჩვენც ძალიან დაგვაზარალა გვალვებმა, მაგრამ სამწუხაროდ, გვალვაზე დაზღვევა არ არის. პროგრამაში არის პუნქტები, სადაც წერია რას აზღვევენ და რას - არა. ჩვენ მეცხოველეობას ვეწევით და ძირითად ზარალს გვალვა გვაყენებს. ქარიშხალი და წვიმა ნაკლებად გვაწუხებს, ამიტომ, პროგრამაში მონაწილეობას არ ვიღებთ", - განაცხადა ამირან ხახიშვილმა.

რატომ არიდებენ თავს ჩვენი ფერმერები საკუთარი მოსავლის დაზღვევას? - ამ შეკითხვაზე ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ გვითხრა:

- შარშან 3 500-ზე მეტი ბენეფიციარი დააზღვიეს, თანაც, დაზღვევის პორტფოლიოში სახელმწიფო სუბსიდირების პროცენტული წილი უფრო მაღალი იყო, ვიდრე წელს. ბენეფიციარებს 1 მილიონ 800 ათასი ლარი აუნაზღაურდათ. ვისაც აუნაზღაურდა, რა თქმა უნდა, კმაყოფილია, მაგრამ ფერმერები აგროდაზღვევას თავს ერთი მიზეზის გამო არიდებენ: თანხა, რომელიც უნდა გადაიხადონ, მათთვის საკმაოდ მაღალია. როცა ეკითხები, იქნებ სეტყვა მოვიდეს და მთელი მოსავალი გაგინადგუროსო, გპასუხობენ - იქნებ, გამიმართლოსო... როგორც იტყვიან, ბედის ანაბარა რჩებიან.

ნინო ზამბახიძის შეფასებით, ფერმერების პასიურობა კიდევ რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული:

- ბევრს აბრკოლებს ის, რომ მოსავლის 10 პროცენტზე მეტი თუ დაზიანდა, ზარალს მხოლოდ მაშინ აგინაზღაურებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - არა. კიდევ ერთი მიზეზი: ამ პროგრამით ძირითადად ერთწლიან კულტურებს აზღვევენ, საქართველოში კი, მეცხოველეობა ძალიან განვითარებულია და ფერმერების უმეტესობას მრავალწლიანი კულტურები მოჰყავს, თანაც, პირუტყვის სუბსიდირებას მთავრობა არ ახდენს. ამიტომ, გლეხი ფიქრობს: მე ეს კულტურები მომყავს იმიტომ, რომ პირუტყვს ვაჭამო და თუ პირუტყვს არ დამიზღვევ, მარტო მოსავალი რად მინდაო? ასევე არ აზღვევენ გვალვის შედეგად მიყენებულ ზარალსაც, ამიტომ კახეთის რეგიონში პროგრამაში მონაწილეობაზე ბევრმა თქვა უარი. ასე რომ, დაზღვევის ეს სისტემა არც ისე მოქნილია: რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმას არ გვიზღვევენ.

ნინო ზამბახიძის აზრით, ძალზე დიდი დაბრკოლებაა ინფორმაციის არარსებობაც

: "ბევრი ფერმერი ვერც აცნობიერებს რამდენად კარგია მათთვის მოსავლის დაზღვევა. ეს საპილოტე პროგრამა იყო, რომლის კორექტირებას თავიდანვე აპირებდნენ. ამ დღეებში გვექნება შეკრება, სადაც განვიხილავთ მასში არსებულ ხარვეზებს. იმედია, რომ კორექტირების შემდეგ აგროდაზღვევის პროგრამა უფრო მოქნილი გახდება და თან, ფერმერის საჭიროებაზე იქნება მორგებული".

ხათუნა ჩიგოგიძე