„მცდარია მოსაზრება, რომ თუ პირს არ აქვს შემოსავალი ან რეგისტრირებული ქონება, სესხის ამოღება ვერ მოხდება“,- ამის შესახებ საადვოკატო ბიურო "OK & CG"-ს დამფუძნებელმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
მისი თქმით, მსესხებლებს აქვთ აზრი, რომ თუ სესხის ქონებით უზრუნველყოფა არ არის გაკეთებული, საფინანსო ორგანიზაცია მის ამოღებას ვერ შეძლებს. თანამედროვე სამყაროში კი, სადაც თითქმის ყველა სერვისი გაციფრულებულია, მოქალაქ, რომელსაც ვადაგადაცილებული ან ხანდაზმული სესხი აქვს, ვალდბულების დაფარვის გარეშე თავისუფალ საქმიანობას ვერ შეძლებს.
„სესხის აღებისას მთავარია, რომ გავთვალოთ ჩვენი გადახდისუნარიანობა და სწორად შევწონოთ ის აუცილებლობა, ნამდვილად გვირდება თუ არა სესხის აღება. სესხები სხვადასხვა კლასიფიკაციისაა. არის სამომხმარებლო და არის უზრუნველყოფილი სესხები, რომლებსაც თავისი მიზნობრიობა გააჩნია. იმის მიხედვით, რომ ვითარდება სახელმწიფო სტრუქტურები და ყველა თავისი სერვისი გააციფრულეს, ძალიან რთულია, რომ მოქალაქეს ჰქონდეს ფინანსური დავალიანება და თავისუფლად საქმიანობდეს.
ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია და მცდარია მოსაზრება, რომ თუ პირს არ აქვს შემოსავალი ან რეგისტრირებული ქონება, სესხის ამოღება ვერ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონკრეტული ქონება არ ჩავდეთ სესხის ასაღებად, ან ახლა არ გვაქვს ქონება, არ ნიშნავს იმას, სესხის თანხა ჩვენგან ვერ ამოიღოს საფინანსო ორგანიზაციამ“,- აღნიშნა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.
მან ორივე შემთხვევაზე იაუბრა, და განიხილა მოცემულობები, როცა პირი ფლობს ქონებას და როცა პირი არ ფლობს რეგიტრირებულ საკუთრებას.
„როცა გვაქვს ქონება და ის იპოთეკით არ არის დატვირთული, ეს არ ათავისუფლებს ჩვენს ქონებას იმისგან, რომ როცა საფინანსო ინსტიტუტი მოინდომებს, დააყარადღოს ის და გაიტანოს აუქციონზე, მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო იპოთეკით დატვირთული და არ იყო სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული.
იმ შემთხვევაში, როცა ქონება არ არის ჩვენს სახელზე რეგისტრირებული, ჩვენ გვეკისრება დავალიანება თავისი საპროცენტო განაკვეთით და ჯარიმებით და თუკი სააღსრულებო ბიუროს გადაეცა საქმე, ჩვენ ვვარდებით მოვალეთა რეესტრში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ყველა რესურსი დაყადაღდება. იგულისხმება საბანკო რესურსები, ასევე ყველა ის ქონებრივი ველი, რაც შეიძლება ჩვენს საკუთრებას ასახავდეს. მაგალითად, თუ ჩვენ არ ვფლობდით მანამდე ქონებას, მაგრამ მემკვიდრეობით გავდებით რაღაც ქონების მესაკუთრე, ისე, რომ არ ჩანს, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავირეგისტრირებთ ქონებას, ეს ქონება, ავტომატურად, წამიერ რეჟიმში იქნება დაყადაღებული“, - განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.
როგორც მან განმარტა, სესხის თანხის ამოღების საშუალებები მაშინაც არსებობს, როცა მსესხებელი ქონებას არ ფლობს. ამის მაგალითია აღსრულებისთვის გადაცემული სესხები, რომელთა ხანდაზმულობა სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებიდან 10 წლის ვადით განისაზღვრება.
„მაგალითად ახლა, როცა მიმდინარეობს უძრავი ქონების ავტომატური დარეგისტრირება, პირებზე, რომლებიც აქამდე არ ფლობდნენ საკუთრებას, რეგისტრაციის შემდეგ, გავრცელდა ყადაღა. შესაბამისად, ჩვენთან მომართვიანობა გაიზარდა. მაგალითად, პირს 5 წლის წინ თუ ჰქონდა დავალიანება და არ გადაიხადა, დღეს, ქონების რეგისტრაციის შემდეგ, ამ საკუთრებაზე გავრცელდა ყადაღა. სესხი ხანდაზმული ხდება 3 წლის გადაუხდელობის შემდეგ, სხვა ხანდაზმულობა მოქმედებს მაშინ, როცა ფინანსურმა ორგანიზაციამ მიმართა აღსრულებას და სააღსრულებო საქმე დაიწყო. ასეთ დროს ხანდაზმულობის ვადა არის 10 წელი, უფრო ზუსტად, იმ 3 წელს პლუს 10 წელი. ამიტომ, ჩვენს შესახებ სააღსრულებო საქმე გრძელდება 10 წელი“,- განმარტა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.