2023 წელს საშუალო ზომის ბიზნესში დასაქმებულთა ხელფასი მსხვილ ბიზნესში დასაქმებულების ანაზღაურებაზე 122,5 ლარით მეტი იყო

2023 წელს, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 827.3 ლარს გაუტოლდა (2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 221.4 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 445.3 ლარი შეადგინა (2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 181.3 ლარით). აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

მონაცემების თანახმად, გასულ წელს საშუალო ზომის ბიზნესში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 122,5 ლარით აღემტებოდა მსხვილ ბიზნესში დასაქმებულთა ანაზღაურებას.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – 2 077.2 ლარი
  • საშუალო ზომის ბიზნესი – 2 199.7 ლარი
  • მცირე ბიზნესი – 1 306.5 ლარი

ამავე მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.4% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.8% - საშუალოზე, ხოლო 39.8% - მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 771.5 ათასი კაცი შეადგინა (2022 წელთან შედარებით 6.2 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 17.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა (2022 წელთან შედარებით 20.7 პროცენტით მეტი).

ნათია ზარიძე