ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრში რეგისტრაციის სურვილი 45-მა ბენეფიციარმა გამოთქვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა განუცხადა.
როგორც ჩივიაშვილმა განმარტა, თითოეულ მოხალისეზე 5 000 - ლარიანი ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა, რომელსაც კონკრეტული გამოკვლევების დასაფინანსებლად გამოიყენებენ. მისივე თქმით, ბენეფიციარებმა კლინიკას უნდა მიმართონ. კლინიკიდან ხდება აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა დაფინანსების მიზნით.
„ეს არის სიახლე, რომელიც მსოფლიო დონორთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის ერთ-ერთი პირობაა. ამ პირობის შესასრულებლად საჭიროა, საქართველოს საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში 500 ადამიანი ჰყავდეს რეგისტრირებული, როგორც დონორი.
ჩვენ დავიწყეთ ამ ბაზის ხელშეწყობის პროგრამაზე მუშაობა. ამ ეტაპზე, მონაწილეობას იღებს ინგოროყვას სახელობის მაღალტექნოლოგიური კლინიკა. თითოეულ პაციენტზე გაიცემა 5000 - ლარიანი ვაუჩერი. აუცილებელია დონორების კვლევა, კერძოდ, მოხალისეების ძვლის ტვინის ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრა (HLA).
მომართვიანობა დაიწყო, ჩვენი მხრიდან დაფინანსებულია 45 დონორი, რომელიც გამოკვლევის შემდეგ ბაზაში მოხვდება, როგორც დონორი.
ბენეფიციარებმა კლინიკას უნდა მიმართონ, მერიაში მოსვლა საჭირო არ არის. კლინიკიდან ხდება აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა მათი დაფინანსების მიზნით. ყველას, ვინც სურვილს გამოთქვამს, უფასო კვლევები ჩაუტარდებათ. მიმართონ მათ კლინიკას და ჩვენ სრულად დავაფინანსებთ“,- აღნიშნა ჩივიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნაზე მუშაობა სავარაუდოდ, 2025 წლის 1-ელ მარტს დასრულდება. საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შესაქმნელად მოხალისე დონორთა ბაზის არსებობა ხდება საჭირო, ამისთვის კი, აუცილებელია პოტენციური დონორების კვლევა. კერძოდ, მოხალისეებს ძვლის ტვინის ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრა (HLA), C და B ჰეპატიტის და სხვა კვლევები უნდა ჩაუტარდეთ, რასაც მერია სრულად დააფინანსებს. ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნა, თავის მხრივ, საქართველოში ძვლის ტვინის ალოგენური (არანათესაური) გადანერგვის განხორციელებას შეუწყობს ხელს.