ჩვენ ვსწავლობთ ყველა პოლიტიკური პარტიის 8 თვის დანახარჯებს - პოლიტიკური პარტია ვალდებულია, ყველა დანახარჯი საზოგადოებას მიაწოდოს იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს კანონმა განსაზღვრა, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა მედიასთან განაცხადა.
მან უპასუხა კითხვას, დაინტერესდება თუ არა ანტიკორუფციული ბიურო კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული პოლიტიკური შინაარსის რეკლამებში დახარჯული თანხებით. კუპრაშვილის თქმით, კანონი ითხოვს, რომ ასეთი ხარჯები აუცილებლად უნდა იყოს გასაჯაროებული და ბიურო ამასაც შეისწავლის.
„ალბათ, თქვენ გახსოვთ ჩემი პირველი ბრიფინგი, სადაც მე ვსაუბრობდი პოლიტიკური პარტიების მხრიდან დანახარჯების არგასაჯაროობაზე, თუმცა მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური პარტიების მხრიდან, 8 თვის ანგარიშები სხვა ხარისხით იქნა წარმოდგენილი, რაც კარგია. რაც შეეხება ყველა დანახარჯს - პოლიტიკური პარტია ვალდებულია, ყველა დანახარჯი საზოგადოებას მიაწოდოს იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს კანონმა განსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს რომელიმე სუბიექტის მხრიდან ისეთი დანახარჯების არსებობას, რომელიც კანონის მიღმა და უგულებელყოფით ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გამოვიკვლევთ. ახლა მიმდინარეა მონიტორინგის პროცესი. ჩვენ ვსწავლობთ ყველა პოლიტიკური პარტიის 8 თვის დანახარჯებს. ასევე იცით, რომ არჩევნების დღემდე, პოლიტიკური პარტიები ვალდებული არიან სამ ეტაპად წარმოადგინონ თავიანთი დანახარჯები და ყველა ამ დანახარჯებთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა და შესწავლა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს ფაქტებიც შესწავლილი იქნება. კანონი ითხოვს იმპერატიულად, რომ ასეთი ხარჯები აუცილებლად უნდა იყოს გასაჯაროებული. წერტილი“, - განაცხადა კუპრაშვილმა.