„ჩვენი უფლებამოსილება არ მოიცავს კონკრეტულ პირებთან დაკავშირებულ მითითებებს“ - ეროვნული ბანკი სანქცირებულ პირებზე

„ეროვნული ბანკის უფლებამოსილება არ მოიცავს კონკრეტულ პირებთან/ანგარიშებთან დაკავშირებულ მითითებებს“ - ასე პასუხობს ეროვნული ბანკი პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის სადეპუტატო კითხვას - გასცა თუ არა სებ-მა კომერციული ბანკების მიმართ მითითება ამერიკის ფინანსური სანქციების ქვეშ მოქცეული 4 პირისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ.

სებ-ში აცხადებენ, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სანქციათა რეჟიმების გვერდის ავლის რისკის შეფასება თავად ფინანსურმა ინსტიტუტმა უნდა განახორციელოს და შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. გასათვალისწინებელია, რომ სანქციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის 26 თებერვლის მითითებით საქართველოში მოქმედ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს დაევალათ დაიცვან რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის მიმართ დაწესებული საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოთხოვნები. აღნიშნული რეჟიმები მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს“, - აცხადებს ეროვნული ბანკი.

სებ-ში აღნიშნავენ, რომ ქართული საფინანსო სექტორი საერთაშორისო სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით მოქმედებს.

„დამატებით, აღსანიშნავია, რომ ფინანსური სექტორის წარმომადგენლების ადგილზე და დისტანციური შემოწმების დროს, საქართველოს ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მათ შესაბამისობას საერთაშორისო სანქციებთან. მოწმდება ფინანსური სექტორის წარმომადგენლის მიერ სანქცირებული პირების გამოვლენისა და ტრანზაქციების შესწავლის საკითხი, ასევე, საერთაშორისო სანქციების დაცვის კუთხით შემუშავებული და დანერგილი კონტროლის მექანიზმები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით“, - აღნიშნულია სებ-ის პასუხში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. ფინანსური სანქციები დაუწესდათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს („ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლებს - კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს.

მერი ტაბატაძე