ოქტომბერში მთავრობას საწვავის შესყიდვა ისევ გაუიაფდა - რა ღირს ერთი ლიტრი

2024 წლის ოქტომბერში, სექტემბერის ანალოგიურად მთავრობას საწვავის შესყიდვა გაუიაფდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით შესასყიდი ფასი 11-17 თეთრით არის შემცირებული. ამის მიზეზი კი წინა თვეს „პლატსის“ ღირებულება გახდა, რომლის მიხედვითაც სექტემბერში ბენზინზე ფასები 74.68 დოლარით, ევრო-დიზელზე კი 45.24 დოლარით არის შემცირებული.

უფრო კონკრეტულად, კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, 2024 წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით მთავრობა ერთ ლიტრ სუპერის ტიპის ბენზინს (ოქტანობა არანაკლებ 98) 0.16 ლარით იაფად, 2.61 ლარად შეიძენს. სექტემბერში ამ ტიპის ერთი ლიტრი საწვავის ყიდვა ბიუჯეტს 2.77 ლარი უჯდებოდა. ტენდერში გამარჯვებული „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

რაც შეეხება საწვავის სხვა ტიპებს, კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, ოქტომბრის კონტრაქტითაც ერთი ლიტრი პრემიუმ საწვავის/ბენზინის ღირებულება (ოქტანობა არანაკლებ 95) 2.31 ლარია, სექტემბერში კი 2.48 ლარი ღირდა. აქ გამარჯვებული „რომპეტროლ საქართველოა“. (კლება 0.17 ლარი).

ევრორეგულარის (ოქტანობა არანაკლებ 92) ფასი არსებულ მდგომარეობაში ერთ ლიტრზე 2.29 ლარია, მაშინ როცა სექტემბერში ეს მაჩვენებელი 2.46 ლარზე იყო, აქ კლება 0.17 ლარია. ტენდერში გამარჯვებულია „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია“.

რაც შეეხება ევროდიზელს, (არაუმეტეს PPM 10) ოქტომბერში მთავრობას ერთი ლიტრის შესყიდვა 2.42 ლარი უჯდება, სექტემბერში კი 2.53 ლარს შეადგენდა, კლება 0.11 ლარია. აქ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა - სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებიდან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი კი ყოველთვიურად სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.

კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში „პლატსზე“ დაფიქსირებულ ტონა ბენზინისა და ევრო დიზელის საშუალო ფასს. დოკუმენტაციის მიხედვით, სექტემბერში „პლატცის“ საშუალო არითმეტიკული ფასი ბენზინზე შეადგენს 695.05 დოლარს (აგვისტოში 769.73 დოლარი), ევრო-დიზელზე - 663.71 (აგვისტოში 708.95 დოლარი).

შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით საცალო რეალიზაციის ქსელში ერთი ლიტრ სუპერის მარკის ბენზინის გასაყიდი ფასი არის 3.70 ლარი, ხოლო ევრო დიზელის - 3.30 ლარი.