სუპერთასის ბილეთების გაყიდვა განახლდა

უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა დილიდან განახლდა. ბილეთები ისევ biletebi.ge-ს საიტზე ამ დროისთვის შეუფერხებლად იყიდება.

დღეს გაიყიდება ქართველი გულშემატკივრისთვის განკუთვნილი 24 000 ბილეთი, ხოლო ხვალ - უცხოელებისთვის განკუთვნილი 6 000 ბილეთი.  ბილეთების გაყიდვა რიგითობის მიხედვით ხდება. ბილეთის ყიდვის მსურველს საიტზე შესვლისას მიენიჭება რიგი და დრო, თუ რა დროში შეძლებს ბილეთის ყიდვას. იმისთვის, რომ საიტი ძალიან არ დაიტვირთოს, წუთში საიტზე 50 ადამიანი შევა. ერთ ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია. ამასთან, სოციალურ ქსელებში გულშემატკივრები წერენ, რომ საიტზე დილის 09.00 საათიდან შესვლის მიუხედავად, რიგში ძალიან უკან არიან და ბილეთის ყიდვას ვერ შეძლებენ.

უეფა-ს სუპერთასი თბილისში, "დინამო არენაზე", 11 აგვისტოს გაიმართება. ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" და ევროპის ლიგის გამარჯვებული "სევილია" შეხვდებიან.