პრემიერი აშშ-ს მიერ ზვიად ხარაზიშვილისა და მისი მოადგილის დასანქცირებაზე - ამ ორ პოლიციელს დაუპირეს სამოქალაქო ბრუნვიდან მთლიანად ამოღება

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილემ, მათ შორის, სხვა პოლიციელებთან ერთად, ამ ქვეყანაში რევოლუცია აღკვეთეს და ამ გაღიზიანების გამოხატულებაა ის, რომ აშშ-მა ისინი დაასანქცირა. მათ 2008 წლის აგვისტოს ომში აქვთ ნაბრძოლი, ეს ერთგვარი „აპოკალიფსური სანქციაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაასანქცირა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ ორ პოლიციელს სამოქალაქო ბრუნვიდან მთლიანად ამოღება დაუპირეს, თუმცა სახელმწიფომ მათი ინტერესების თვისებრივად დაცვა შეძლო.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სავიზო შეზღუდვა „ქართული ოცნების“ არც ერთ წარმომადგენელს არ უდასტურდება.

„იგივე მოცემულობაა, რაც იყო წინა შემთხვევაში. არავის უდასტურდება ასეთი კორესპონდენციის მიღება. ზოგიერთი არის, ვისაც არ აქვს მოქმედი ვიზა და შესაბამისად, ვერ მივიდოდა ვერავითარი ინფორმაცია. არიან ზოგიერთები, მაგალითად, დეპუტატები, ვისაც აქვთ მოქმედი ვიზა, მაგრამ არც ერთს არ მისვლია ასეთი ინფორმაცია, ამიტომ დღემდე ვართ გაურკვევლობაში, თუმცა ესეც არ არის საინტერესო. ესეც არის შანტაჟის ერთგვარი ფორმა, რაც უბრალოდ მიუღებელია. რა თქმა უნდა, ეს შეურაცხყოფს ჩვენს სახელმწიფოს ძალიან უხეში ფორმით.

მათ შორის მე მინდა შეგახსენოთ, არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი, [განსაკუთრებულ დავალებათა] დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ხელმძღვანელის მოადგილე, რომლებსაც აქვთ ნაბრძოლი 2008 წლის აგვისტოს ომში. ომი აქვთ გამოვლილი ამ ადამიანებს და ასეთ ადამიანებს ასანქცირებენ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. თან სანქცია არის თავისი შინაარსით ისეთი, რომელიც უთანაბრდება სისხლის სამართლის სასჯელს. კიდევ კარგი, იცავს ქართული სახელმწიფო ამ ადამიანების ინტერესებს, თორემ წარმოიდგინეთ თქვენ მთლიანად რომ ამოგიღონ სამოქალაქო ბრუნვიდან, რომ შეგიზღუდონ ყოველგვარი წვდომა საბანკო ტრანზაქციებზე. ეს ერთგვარი „აპოკალიფსური სანქციაა“.

ამ ორ პოლიციელს დაუპირეს სამოქალაქო ბრუნვიდან მთლიანად ამოღება, უბრალოდ სახელმწიფომ შეძლო მათი ინტერესების თვისებრივად დაცვა. ეს ორი ადამიანი დასაჯეს რის გამო? აქაც ვსაუბრობთ ჩვენ არა ამერიკულ ინსტიტუტებზე, არამედ „გლობალური ომის პარტიაზე“. ვიღაცას უნდოდა ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, ამ ადამიანებმა, მათ შორის, სხვა პოლიციელებთან, ერთად აღკვეთეს რევოლუცია ამ ქვეყანაში და ამ გაღიზიანების გამოხატულებაა ის, რომ 2008 წლის ომგამოვლილი ორი ადამიანი დაგვისანქცირეს. ეს არის ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა, რასაც ჩვენ პასუხს ყოველთვის გავცემთ ხოლმე,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის 17 სექტემბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დასანქცირდნენ.