„შეიძლება ითქვას, რომ წელს ზღვისპირეთმა ამოისუნთქა“ - როგორი იყო ზაფხულის სეზონი ტურიზმის სექტორისთვის

„წლევანდელი ზაფხულის სეზონი, წლიურ ჭრილში საკმაოდ კარგი იყო“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ქობულეთსა და ბათუმში 90-90%-იანი ზრდა იყო.

„გასულ წელთან შედარებით შავი ზღვისპირეთისთვის წელს ძალიან კარგი სეზონი იყო. მაგალითად, ქობულეთსა და ბათუმში 90-90%-იანი ზრდა იყო შარშანდელთან შედარებით. შეიძლება ითქვას, რომ ზღვისპირეთმა წელს ამოისუნთქა.

რაც შეეხება თბილისს, აქ 20-30%-იანი მატებაა, კახეთში შედარებით ნაკლები - 10-15%-იანი, თუმცა მთლიანად რომ ავიღოთ, ნამდვილად პოზიტიური წელი იყო სექტორითვის. ჯამურად რომ ავიღოთ, 20%-იან მატებას ველოდებით“, - განაცხადა მან.

შალვა ალავერდაშვილის თქმით, წელს რეალური ტურისტების ოდენობა 2 მლნ-ზე მეტი არ იქნება, თუმცა როდესაც ეს მაჩვენებელი 4 მლნ-მდე ავა, საუკეთესო მაჩვენებელი იქნება.

„რეალური ტურისტი წელს 2 მლნ იქნება, დანარჩენი არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს გზით გადიან, ანუ მძღოლები და ა.შ. ისინი, ვინც 24 საათზე დიდხანს რჩებიან ქვეყნის ტერიტორიაზე, უკვე ითვლებიან ტურისტებად. თუ რეალური ტურისტების რაოდენობა 4 მლნ-მდე ავა, ეს იქნება საუკეთესო მაჩვენებელი. ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.

ეკა დარჩიაშვილი