ოთარ შამუგია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ნარჩენების სწორი მართვა

კომპანია „ჰანიველ ცემენტის“ წარმომადგენლების მიერ კასპის ცემენტის ქარხანაში ალტერნატიულ საწვავად ნარჩენი საბურავების გამოყენების პროექტის წარდგენის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია პირველ ვიცე-პრემიერ, ლევან დავითაშვილთან ერთად დაესწრო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, მწვანე ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით ასეთი მასშტაბის და მნიშვნელობის პროექტების განხორციელება უმნიშვნელოვანესია.

„მოგეხსენებათ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ნარჩენების სწორი მართვა, სეპარირება, შეგროვება და შემდეგ გადამუშავება, რესურსად გამოყენება, რაც ხელს უწყობს ცირკულარული, მწვანე ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ; შევიმუშავეთ პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები - ნარჩენების მართვის კოდექსი; ასევე, დავნერგეთ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შემცირდეს ნარჩენებით გარემოს დაბინძურება და, მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას და დამატებითი ღირებულების შექმნას. დღევანდელი პროექტი მგვ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღნიშნული პროექტის განხორციელებით ძვირადღირებული, მეტწილად იმპორტირებული საწვავი - ქვანახშირი; ნარჩენების გარემოში მოხვედრის პრევენციასთან ერთად, შემცირდება ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაფრქვევები ჩანაცვლდება.