„ჩვენი ყველაზე დიდი რესურსი, რომლის 10%-საც არ ვიყენებთ, არის ბალნეოლოგიური კურორტები“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ "სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.
„ზოგადად, ბალნეოლოგიური კურორტის სტუმარი ყველაზე გრძელვადიანი სტუმარია და ყველაზე მაღალი გადახდის მქონეც. 15-17 წელია ამაზე ვლაპარაკობთ, რომ ამ კურორტების ბოლო კვლევა 1970 წელს მოხდა და მას მერე ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვლაპარაკობთ. ჩასატარებელია ახალი კვლევა, რომელიც უნდა ჩაატაროს ევროპულმა ინსტიტუციებმა, რომლისაც სჯერა ევროპელ ტურისტს. როგორც კი ეს კვლევა მზად იქნება, მხოლოდ ამის მერე იქნება რეალური ინვესტორი და ამ საკითხს მხოლოდ ამის მერე ეშველება“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კურორტებს ტურისტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სტუმრობენ.
„დღესდღეობით საქართველოს ბალნეოლოგიურ კურორტებს სტუმრობენ ადამიანები პოსტსაბჭოთა სივრციდან - ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, რომლებსაც ჯერ კიდევ ახსოვთ ჩვენი ეს კურორტები და შედეგიც აქვთ.
ჩვენი საშუალებები სწორედ რომ გამოვიყენოთ და სწორედ მივაწოდოთ ევროპის ბაზარს, ადამიანები აუცილებლად ჩამოვლენ აქ“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
მისი თქმით, ამ კურორტების ამოქმედება საკმაოდ ძვირი საკითხია, რადგან მარტო კვლევების ჩატარება 18-დან 25 მლნ ევრომდე ჯდება, თუმცა, მისივე თქმით, ამ კვლევას ბევრი ევროპელი ინვესტორი მოჰყვება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობაში უკვე წლებია საუბრობენ ქვეყანაში უფუნქციოდ დარჩენილი ბალნეოლოგიური კურორტების აღდგენაზე. მეტიც, 2022 წლის მიწურულს მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებული 100-ე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და განვითარების პოტენციალიც დაამუშავეს. შედეგად კი მიიღეს გადაწყვეტილება უფუნქციოდ დარჩენილი ბალნეოლოგიური კურორტების გაყიდვის შესახებ.
ერთ-ერთი იყო ყველაზე ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტ - წყალტუბოში უმოქმედო სანატორიუმების გასხვისება. წყალტუბოს კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს.
დღეის მდგომარეობით, უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები - „თბილისი“, „მედეა“, „წყალტუბო“, „ივერია“, „სამგურალი“ და „უშიშროება“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარი შეადგინა. ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი გრძელდება.
ცნობისათვის, ჯამში, ქვეყანაში 300-მდე კლიმატური, ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილია.